უხარისხო ხორცი ბაზარში

თბილისში გაურკვეველი წარმომავლობის ცხენის ხორცით ვაჭრობდნენ

100
(განახლებულია 20:11 25.03.2020)
64 კილოგრამი გაურკვეველი წარმომავლობის ცხენის ხორცი სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინეს.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზაციისა და ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტები გამოავლინა, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. „გვირაბში“ 64 კილოგრამი გაურკვეველი წარმომავლობის ცხენის ხორცი გამოავლინა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გამოვლენილი გაურკვეველი წარმოშობის ცხენის ხორცი უწყების ზედამხედველობით განადგურდება.

გარდა ამისა, შემოწმების შედეგად საწარმოო პროცესი შეუჩერდა სავაჭრო ობიექტს, რომელშიც არასათანადოდ ხორციელდებოდა რეცხვა-დეზინფიცირება და არ იყო დაცული ჰიგიენური ნორმები.

„დღეს, როცა სურსათზე მოთხოვნა განსაკუთრებით არის გაზრდილი, სააგენტო მოუწოდებს ბიზნეს-ოპერატორებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები: შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და ვადები“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო სრული დატვირთვით განაგრძობს საქმიანობას, ყოველდღიურად ამოწმებს აგრარულ ბაზრებს, სასურსათო და სავაჭრო ობიექტებს.

100