კარანტინი

ვითარება საკარანტინო ზონაში: მარნეულსა და ბოლნისში 20 ათასი ადამიანი შეამოწმეს

54
(განახლებულია 18:08 25.03.2020)
საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ შემთხვევას უკავშირდება.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის შემოწმებული 20 ათასი ადამიანიდან ტემპერატურა მხოლოდ 25-ს დაუფიქსირდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ ბოლო შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ინფექციის წყარო კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. 

ჩიქოვანის განცხადებით, გამოკვლეულთაგან ორი შემთხვევა იყო საყურადღებო და ისინი მოთავსებული არიან სამედიცინო დაწესებულებაში.

„მოსახლეობის ინფორმირებასთან ერთად ორივე რაიონის შემოწმება დავიწყეთ. დღეს უკვე ჯგუფებმა, რომლებიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით, ასევე მედიკოსებით, შეძლეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონახულება, ატარებენ გარკვეულ გამოკითხვებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღიდან ორივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან აქტიურად ხორციელდება. ყველა ინსტრუქცია და რეკომენდაცია აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეა თარგმნილი. მოსახლეობისთვის სპეციალური ვიდეომიმართვები მომზადდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომლებიც ვრცელდება როგორც ადგილობრივი მასმედიით, ისე სოციალური ქსელების მეშვეობით. 

გარდა ამისა, კორონავირუსის პანდემიის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდი stopcov.ge აზერბაიჯანულ ენაზე უკვე ხელმისაწვდომია, უახლოეს დღეებში ამოქმედდება ვებ-გვერდის სომხური ვერსიაც.

მარნეულსა და ბოლნისში, საკარანტინო რეჟიმის შესაბამისად, შეზღუდვებია დაწესებული. დაიხურა ყველა ობიექტი, იკრძალება მოქალაქეების მიერ რაიონების დატოვება, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.  მარნეულსა და ბოლნისში 12 საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნა, 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება შიდა გზებიც. 

საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 73 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანია.

54
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (736)