Airzena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი

როგორ დაბრუნდებიან სამშობლოში უცხოეთში დარჩენილი მოქალაქეები დეტალური ინფორმაცია

735
(განახლებულია 17:58 25.03.2020)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსახლეობას დაგეგმილი საჰაერო ფრენების გრაფიკი გააცნო. საქართველოში პირველ რიგში ვენისა და ამსტერდამის გაუქმებული რეისების მგზავრებს დააბრუნებენ.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოში საბერძნეთიდან და გერმანიიდან 300 მოქალაქე დაბრუნდა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, ამ ადამიანების ჩამოსაყვანად განხორციელდა ორი რეისი.

„საქართველოს ავიახაზები“ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით ეტაპობრივად განახორციელებს საჰაერო ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით. უკვე განხორციელდა ორი ფრენა 23 მარტს თბილისი-ბერლინი-ბათუმის მიმართულებით და 24 მარტს ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით, რომელიც შეასრულა „ეგეოსის ავიახაზებმა“ და ამ ორი რეისით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ფრენების მომავალ განრიგზეც ისაუბრა, კერძოდ:

  • 26 მარტს შესრულდება რეისი თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით,
  • 31 მარტს დაგეგმილია ფრენა თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით,
  • 3 აპრილს შესრულდება რეისი თბილისი-ვარშავა–თბილისის მიმართულებით,
  • 7 აპრილის დაგეგმილია მგზავრების გადაყვანა თბილისი–ათენი–თბილისის მიმართულებით,
  • 10 აპრილს შესრულდება რეისი ლარნაკა–თბილისის მიმართულებით. 

ზალკალიანის თქმით, ამ განრიგით განსაზღვრულ ფრენებზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ეტაპობრივად და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე.

რაც შეეხება უახლოეს ორ ფრენას ვენისა და ამსტერდამის მიმართულებით, მინისტრის ინფორმაციით, კომპანია Georgian Airways-ს თბილისი-ვენა–თბილისის მიმათულებით 22 მარტს ჰქონდა დაგეგმილი რეისი ვენაში, რომელიც კორონავირუსის გამო გაუქმდა.

„შედეგად – ჩვენ ამჟამად ვენაში გვყავს გაუქმებული რეისის მგზავრები, რომელთა დიდი ნაწილიც თავშესაფრით და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყო საქართველოს საელჩომ ავსტრიის რესპუბლიკაში. ანალოგიური ვითარება გვაქვს ამსტერდამში, სადაც კომპანიის მიერ 21 და 23 მარტს დაგეგმილ და შემდეგ გაუქმებულ რეისებზე გაყიდული ბილეთების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებიც საელჩოს დახმარებით უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების პროდუქტებით“, – აღნიშნა მინისტრმა.

ზალკალიანის თქმით, ამ ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დროებით არიან განთავსებული სხვადასხვა ადგილზე ვენასა და ამსტერდამში, სამშობლოში დაბრუნდნენ.

საქართველო უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებისთვის საკარანტინე სივრცეებს გაზრდის>>

„სამწუხაროდ, მათი რაოდენობა არ არის მცირე და ორივე საჰაერო ხომალდი ფაქტობრივად სრულად ივსება. რაც შეეხება შემდეგ ფრენებს, ამ რეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე. ბილეთები გაიყიდება თავისუფლად და ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ვებ-გვერდზე“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ცნობით, რეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით და მგზავრების განთავსება მოხდება საჭადრაკო დაფის პრინციპით.

ყოველი რეისი და მასზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაცია ასევე წინასწარ განთავდება საგარეოს საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და კომპანია „აირზენას“ (Georgian Airways) ვებ-გვერდზე.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერის მითითებით, ამ რეისებზე ნებისმიერი კლასის ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს, ეს პრინციპი უნდა იყოს მკაცრად დაცული და, რა თქმა უნდა, გაკონტროლდება. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14-დღიან კარანტინს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, გარდა ამ რეისებისა, ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მუშაობა სხვა საჰაერო ფრენების გრაფიკებზეც, რომლებიც მომავალში უნდა განხორციელდეს.

21 მარტიდან საქართველომ სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა. ფრენები შესრულდება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და მხოლოდ საქართველოს ავიახაზების მიერ. უცხოეთიდან ჩამოსული ყველა მოქალაქე სავალდებულო ორკვირიან კარანტინში მოთავსდება.

ჯანმოს მკაცრი წესები: უცხოეთში გარდაცვლილ მოქალაქეებს სამშობლოში არ გადაასვენებენ>>

საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ ახორციელებს უცხოეთიდან გარდაცვლილი თანამემამულეების ცხედრების გადმოსვენების პროცედურას. ჯანმოს ეს მოთხოვნა ყველა ქვეყანას ეხება.

18 მარტიდან საქართველომ ორი კვირით დაკეტა საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.

რაც შეეხება სახმელეთო საზღვარს, 14 მარტიდან დაიკეტა საზღვარი სომხეთთან და აზერბაიჯანთან. 15 მარტიდან კი მუშაობა შეაჩერა „სარფის" საკონტროლო-გამშვებმა პუნქტმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე. 

16 მარტიდან ასევე დროებით შეწყვეტილია მოქალაქეთა გადაადგილება საქართველოსა და რუსეთს შორის. აღნიშნული გადაწყვეტილება არ ვრცელდება საქართველოს და რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ და ასევე არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.

მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ უცხოეთში გამგზავრებისგან.

ავტომატურ შემოწმებასა და სავალდებულო ორკვირიან კარანტინში ყოფნას ექვემდებარებიან პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ იმ ქვეყნებში, სადაც ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია. უცხოელები იმ შემთხვევაში დააღწევენ თავს კარანტინს, თუ წარმოადგენენ PCR-ის ცნობას.

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 73 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინში რჩება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 252.

735
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (716)