დიმიტრი ხუნდაძე

ხუნდაძე: თუ მოქალაქეებმა რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს, მასობრივ კარანტინს გამოვიყენებთ

58
(განახლებულია 17:21 25.03.2020)
25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 73 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10.

თბილისი, 25 – Sputnik. მასობრივი იზოლაციის ან მასობრივი კარანტინის რეჟიმის გამოყენება არ გვინდა, მაგრამ საჭიროება თუ დადგა, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. 

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 73 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანია.

დიმიტრი ხუნდაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები მაქსიმალურად შეასრულონ.

„მოსახლეობის დიდი ნაწილი რაიონებში, სოფლებში ჩავიდა. მრავალბინიან კორპუსებში, ეზოებში და ასევე ე.წ. სოფლის ბირჟებზე შეიმჩნევა მოქალაქეების სიმჭიდროვე. მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო – დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა და სხვასაც გაუფრთხილდნენ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, საჭიროა რეკომენდაციების შესრულების უფრო მაღალი ხარისხი, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული იქნება, გამოიყენოს მასობრივი იზოლაცია ან მასობრივი კარანტინის რეჟიმი.

საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონად გამოცხადდა. 

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონაში იქნება გადაყვანილი.  

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების დიდი ნაწილი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე შეწყდა რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა, საქალაქთაშორისო ავტობუსებით მგზავრობა, ასევე შიდა ავიამიმოსვლა, ხოლო А პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილება მხოლოდ პირადი ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.

საქართველომ 21 მარტიდან ავიაფრენები მსოფლიოს ყველა მიმართულებით შეაჩერა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს.

გარდა ამისა, აიკრძალა კაფეებისა და რესტორნების მუშაობა, დაკეტილია აბანოები, სპორტდარბაზები, სილამაზის სალონები და ა.შ., გაუქმდა სამარშრუტო ტაქსების მუშაობა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

58
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (618)