Georgian Airways: ჩარტერულ რეისებზე ბილეთის ფასი 199 ევრო იქნება

© courtesy of Georgian Airways Georgian Airways
 Georgian Airways - Sputnik საქართველო
გამოწერა
25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 73 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ჩარტერულ რეისებზე ბილეთის ფასი, მათ შორის ბიზნეს-კლასის შემთხვევაშიც, 199 ევრო იქნება, განაცხადა Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ. 

ქართული ავიაკომპანიის AirZena - Georgian Airways სამგზავრო თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
თურნავა: მთავრობა Georgian Airways-ის დაგეგმილი ჩარტერული რეისების სუბსიდირებას არ აპირებს

საქართველოს და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა 21 მარტიდან მთლიანად აიკრძალა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს.

ბოკერიას განცხადებით, ვენისა და ამსტერდამის სპეცრეისებზე, რომლებიც 26 და 31 მარტს არის დანიშნული, ბილეთების გაყიდვა 24 მარტიდან დაიწყო. მისი თქმით, ვენისა და ამსტერდამის სპეცრეისებით საქართველოში ჯამში 360 მოქალაქე დაბრუნდება.

„ვენა-თბილისი და ამსტერდამი–თბილისის ჩარტერულ რეისებზე, ბიზნეს-კლასის ჩათვლით, ყველა ბილეთის ფასი 199 ევრო იქნება. პარამეტრებს დღეს შევცვლით. ორივე რეისი თავიდან დაკომპლექტდება იმ მგზავრებით, რომლებმაც უკვე იყიდეს ბილეთები და გაუქმებული რეისებით უნდა ჩამოფრენილიყვნენ. დარჩენილი ბილეთები ჩაეშვება თავისუფალ გაყიდვაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებართვას ველოდებით, რომ დარჩენილი ბილეთები გაიყიდოს”, – განაცხადა ბოკერიამ.

რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჩარტერული რეისების განრიგი წარმოადგინა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებაა – სპეცრეისის ბილეთის თანხა 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით დაგეგმილი ჩარტერული რეისების სუბსიდირებას არ მოახდენს, ავიაკომპანიას ჩარტერულ რეისებზე გასაყიდი ბილეთის ფასის მაქსიმალური ზღვარი უწესდება და ბილეთები ხელმისაწვდომ ფასად უნდა გაიყიდოს.

მანამდე საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობის ამოცანაა – მაქსიმალურად სწრაფად და ორგანიზებულად მოხდეს თანამემამულეების ევროპის ქვეყნებიდან ჩამოყვანა. 

25  მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 73 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანია.

ყველა ახალი ამბავი
0