სასწრაფო დახმარება

აჭარა ინფექციის შესაძლო გავრცელების გამო განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადადის

554
(განახლებულია 16:11 25.03.2020)
ბოლო მონაცემებით, აჭარაში კარანტინში 1300-ზე მეტი პირია მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო აჭარა განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადადის, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის თქმით, რეგიონში სულ 67 მოქალაქე გამოიკვლიეს და მათგან კორონავირუსი შვიდს დაუდასტურდა. აქედან ორი ავსტრიის მოქალაქე იყო და მათ ქვეყანა უკვე დატოვეს.

„ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთი პაციენტი იმყოფება, რომელთაც COVID-19 დაუდასტურდათ. მათგან ოთხის მდგომარეობა არის მსუბუქი მიმდინარეობის, ერთი კი საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა მიქელაძემ.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში კარანტინში 1300-ზე მეტი პირია მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

მიქელაძის განცხადებით, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს პარალელურად საეჭვო სიმპტომების მქონე პირების მისაღებად მზადდება „მედალფას" კლინიკა და ქობულეთში „ევექსის" რეგიონული ჰოსპიტალი.

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 73 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანია.

554
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (662)