ქალი სამედიცინო ნიღბითა და ხელთათმანებით

ცოტა ხნის წინ დადასტურებული კორონავირუსის სამი შემთხვევა არ არის მეოთხეული გადაცემა

192
(განახლებულია 01:59 25.03.2020)
საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23  მარტს – კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში.

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. ცოტა ხნის წინ დადასტურებული სამი შემთხვევა არ არის მეოთხეული გადაცემა, განაცხადა  ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 70 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანია.

„ცოტა ხნის წინ დადასტურებული სამ შემთხვევა ცნობილ კონტაქტებს უკავშირდება. ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, კონკრეტულად ვის უკავშირდება, თუმცა, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური შესწავლა და მოგვიანებით ესეც გვეცოდინება. ეს არ არის მეოთხეული გადაცემა, რადგან ეს არის კონტაქტების ჯგუფში ჩატარებული შედეგები და ჯერ კვლავ ვრჩებით ცნობილი კლასტერების ფარგლებში“, – განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ იმ 50-მდე საეჭვო ნიმუშის პასუხებზეც ისაუბრა, რომელიც მარნეულიდან თბილისში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გადმოყვანილი პაციენტის კონტაქტებს უკავშირდება.

„გუშინ, ორმოცი შემთხვევიდან ოთხი იყო მარნეულის კლასტერთან დაკავშირებული დადებითი შემთხვევა. დანარჩენის კვლევები მიმდინარეობს და როცა ყველა კონტაქტის გამოკვლევა დასრულდება, საბოლოოდ, ეპიდემიის გავრცელების რისკების შესაფასებლად უკეთესი სურათი გვექნება“, – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც თამარ  გაბუნიამ აღნიშნა, კონტაქტების გამოკვლევა მაქსიმალური სიზუსტით ხდება, მაგრამ რა თქმა უნდა, არსებობს თეორიული ალბათობა, რომ რომელიმე კონტაქტი მიუკვლეველი დარჩეს.

„კონტაქტებს შორის რისკის დონე განსხვავებულია. ყველაზე მაღალი რისკის არის მჭიდრო, ახლო კონტაქტები. აქ საუბარია ოჯახის წევრებზე და იმ პირებზე, ვინც დაინფიცირებულ ადამიანთან დიდ დროს ატარებს. პირველი რიგის კონტაქტების შესწავლა მაქსიმალურად სრულად ხდება და ამ მხრივ, რისკები ბოლომდე მართულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23  მარტს – კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში.  აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ ბოლო შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ინფექციის წყარო კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

192
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)