ხალხმრავალი შეკრება

კორონავირუსი და საქართველო: ათზე მეტი ადამიანის თავშეყრა აკრძალულია!

63
(განახლებულია 23:48 24.03.2020)
საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სამედიცინო დაწესებულებები, სახელმწიფო უწყებები, პენიტენციური დაწესებულებები, თავდაცვის ძალები - ესაა იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც საგანგებო ვითარების დროს დასაშვებია ათზე მეტი ადამიანის თავმოყრა

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დაასახელა ადგილები, სადაც კორონავირუსის პანდემიის დროს დასაშვებია ან დაუშვებელია ათზე მეტი ადამიანის შეკრება.

ათზე მეტი ადამიანის თავშეყრა დასაშვებია სამედიცინო და საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, განაცხადა ჩიქოვანმა ბრიფინგზე.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 70 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო ვითარება გამოაცხადა და დააწესა შეზღუდვები, მათ შორის, აკრძალა ათზე მეტი ადამიანის თავშეყრა დახურულ სივრცეში.

 „10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო. 10-ზე მეტი პირის თავშეყრა ასევე დასაშვებია სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

ამავე დროს ყველა სხვა ადგილას შეზღუდვა მოქმედებს. მოსახლეობას მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში და გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ.

63
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)