ახალგაზრდა კაცი შავი პირბადით

გვიცავს თუ არა ე.წ. შავი პირბადე კორონასგან? ინფექციონისტის განმარტება

17696
(განახლებულია 19:09 24.03.2020)
24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 67-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 9, კარანტინში იმყოფება 4055 მოქალაქე, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ინფექციონისტი მაია ჯანაშია პირბადეების შესახებ ვრცელ ინფორმაციას აქვეყნებს და იმაზე წერს, იცავს თუ არა საზოგადოებას კორონავირუსისგან ე.წ. შავი პირბადე, რომელიც მრავალჯერადია.

ინფექციონისტის თქმით, ის ალბათ უფრო ათბობს, ვიდრე იცავს.

„იმ ტიპის პირბადის შეკერვას, რომ მინიმუმ ქირურგიული სტანდარტი დააკმაყოფილოს, უნდა ცოდნა. მინიმუმ შეიკეროს იმ ქსოვილისგან, რომელიც უძლებს მაღალ ტემპერატურას (ხარშვას, დასტერილებას). ესეც გამოუვალ შემთხვევაში, შეიძლება ამით ჩანაცვლდეს ე.წ. ქირურგიული ნიღბები და არა ეს ახალი „ტრენდული face mask“-ები. (სახის ნიღბები). მიუხედავად ბევრი გაფრთხილებისა, ხალხის მასა, რომელსაც ჰგონია, რომ ივლის უდარდელად იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის პირბადე „ჩაიგდო ხელში”, ეს არის აბსურდი“, – წერს ინფექციონისტი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ლაპარაკია არა ნერწყვის წვეთებზე, არამედ მიკროსკოპული ზომის ნაწილაკებზე. როგორც წესი, მომხმარებლები ყველაზე დაბალი კლასის დამცავ ნიღბებს ყიდულობენ, ასეთი ნიღბები კი იოლად ატარებს ინფიცირებულ ნაწილაკებს როგორც ქსოვილში, ისე გვერდებიდან – იქიდან, სადაც დამცავი ფენა სახეს მჭიდროდ არ ეკვრის.

ისინი ძირითადად სხვა მიზნებისთვისაა განკუთვნილი, მაგალითად, იმისთვის, რომ ოპერაციის დროს ქირურგს სახე არ დაესვაროს. გარდა ამისა, ასეთი ნიღბების ტარება შეუძლიათ უკვე ინფიცირებულ ადამიანებს, რათა ირგვლივ მყოფები ნერწყვის წვეთებისგან დაიცვან. იმავდროულად, თუ ამ ნიღაბს ორ საათში ერთხელ არ გამოცვლიან, ინფექციის გავრცელების რისკი მხოლოდ გაიზრდება – ამ ხნის განმავლობაში ნიღაბზე იმაზე მეტი ვირუსი გროვდება, ვიდრე უბრალო ამოსუნთქვის დროს.

ინფექციონისტის თქმით, გაცილებით ეფექტური გზაა – სოციალური დისტანცია, ხელის დაბანა და შეგნება, რომელიც წმინდა ქართული მენტალიტეტით კრიზისშია.

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 67-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 9, კარანტინში იმყოფება 4055 მოქალაქე, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

17696
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (664)