სასწრაფო დახმარება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის ორი ავსტრიის მოქალაქე იყო

35
(განახლებულია 18:58 24.03.2020)
ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი პილოტი იყო, რომელმაც სპეცრეისით საფრანგეთიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანა.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ 67 პაციენტს შორის ორი ავსტრიის მოქალაქეა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრიის ერთი მოქალაქე, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა, პილოტია. მან სპეცრეისით საფრანგეთიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანა და ბათუმში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ავსტრიამ საკუთარი მოქალაქეები სპეცრეისით გუშინ გაიყვანა.

„ორი ინფიცირებული ავსტრიაში გაემგზავრა, აქედან გამომდინარე, ჩვენს სტაციონარებში კორონავირუსით ინფიცირებული 65 მოქალაქე იმყოფება, რომელთაგან 9 გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს ხელისუფლებამ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოცხადდა.

აღნიშნული ღონისძიებები საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ბოლო შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ინფექციის წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 67-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 9, კარანტინში იმყოფება 4055  მოქალაქე, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

35
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (662)