ნათია თურნავა: ტექინსპექტირების ცენტრების საქმიანობა წესების დაცვით გაგრძელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliტექდათვალიერება
ტექდათვალიერება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირებასთან დაკავშირებული სერვისები არ შედის იმ აკრძალვების სიაში, რომელიც მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დააწესა.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. შექმნილ საგანგებო ვითარებაში ჯერჯერობით არ დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარეს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

მისი განცხადებით, სატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირებასთან დაკავშირებული სერვისები არ შედის იმ აკრძალვების სიაში, რომელიც მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დააწესა.

კითხვაზე, ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით შესაძლებელია თუ არა პრობლემები შეექმნათ და დაჯარიმდნენ ის მძღოლები, რომლებმაც ავტომობილის სავალდებულო შემოწმება ვერ გაიარეს, ნათია თურნავამ უპასუხა, რომ ტესტირების ცენტრების საქმიანობა გრძელდება წესების დაცვით და ტექმომსახურების სერვისები მოემსახურება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს.

„ჩვენ დავუშვით და არ აგვიკრძალავს ტექმომსახურების სერვისების ფუნქციონირება, ისინი მოემსახურებიან როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. რაც შეეხება ჯარიმებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე ჯარიმები არ დაეკისრებათ და ეს გადავადებულია. ეს საგანგებო ვითარების პირობებში იმოქმედებს“, – აღნიშნა თურნავამ.

საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოცხადდა.

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 67-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 9, კარანტინში იმყოფება 4055 მოქალაქე, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონაში იქნება გადაყვანილი. 

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების დიდი ნაწილი. 

კარანტინი - Sputnik საქართველო
მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსის გამო ეკონომიკური საქმიანობა შეჩერდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა, საქალაქთაშორისო ავტობუსებით მგზავრობა, ხოლო А პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილება მხოლოდ პირადი ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.

საქართველომ 21 მარტიდან ავიაფრენები მსოფლიოს ყველა მიმართულებით შეაჩერა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ კომპანია Georgian Airways, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოიყვანს.

20 მარტიდან საქართველოში დროებით დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი. იმუშავებენ აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები, ზოომაღაზიები, საწყობები, აგრარული ბაზრები, ცხოველთა ბაზრები, სასუქის მაღაზიები, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები, ასევე ბენზინგასამართი სადგურები. 

აიკრძალა კაფეებისა და რესტორნების მუშაობა, დაკეტილია აბანოები, სპორტდარბაზები და ა.შ., გაუქმდა სამარშრუტო ტაქსების მუშაობა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

ყველა ახალი ამბავი
0