ბავშვი ტელევიზორთან

სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები პირდაპირ ეთერში ჩაუტარდებათ

103
(განახლებულია 15:19 24.03.2020)
სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტელევიზიით ტრანსლირება იმიტომ გახდა საჭირო, რომ ინტერნეტი ყველა მათგანისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება, იუწყება პირველი არხი.

„მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა, ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია... არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს. ამიტომ განათლების სამინისტრომ ოპერატიულად მიიღო გარკვეული ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით და, საერთოდ, ქვეყანაში ამ მიმართულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

გახარიას თქმით, რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც მოსწავლეს კლასში მასწავლებელთან აქვს პირდაპირი შეხება, თუმცა იმ მდგომარეობაში, რაშიც ვიმყოფებით, ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია.

ამასთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ინტერნეტ-პროვაიდერებს, გაითვალისწინონ სტუდენტებისა და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ჩვენს ყველა მოქალაქეს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ეს კიდევ ერთი დამატებითი მიმართულებაა, რომელზეც მთავრობამ უნდა იფიქროს. დღევანდელ რეალობაში დისტანციური სწავლა-განათლება შეიძლება ძალზე აქტუალური გახდეს ჩვენს ცხოვრებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს ონლაინ–სპექტაკლებზე იწვევს>>

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 66-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 9, კარანტინში იმყოფება 4055 მოქალაქე, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

103
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (664)