სასწრაფო დახმარება

დაავადების ახალი შემთხვევები: კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პირის მოგზაურობის ისტორია

126
ოთხი პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და არ ჰქონდა კონტაქტი სხვა ადამიანებთან, დანარჩენი სამი შეთხვევა ბათუმში დაფიქსირდა

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ოთხს აშშ-ში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განუცხადა. 

ენდელაძის თქმით, ოთხივე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და არ ჰქონია კონტაქტი სხვა პირებთან. დანარჩენი სამი შემთხვევა ბათუმში დაფიქსირდა, ჯერ მათი დაავადების ისტორია ცნობილი არ არის.

ოთხივე ინფიცირებულის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები.

„ორი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. ახალი შემთხვევების კავშირები გამოკვლეული იქნება, ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ. გუშინ მოთავსდნენ სხვა განყოფილებაში, დადასტურდა და გადმოყვანილი იქნენ ჩვენს განყოფილებაში. ამ შემთხვევას მარნეულთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ამ დროისთვის ინფიცირებული 61 პაციენტიდან რვა გამოჯანმრთელდა. კარანტინში რჩება 3320 პირი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ - 235.

21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

23 მარტის ღამეს საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი დააწესა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მარნეულში გამოვლინდა კორონავირუსით გაურკვეველი წყაროდან ინფიცირების ერთი შემთხვევა, რომელიც ეპიდემიოლოგებმა შიდა გადაცემის შემთხვევად შეაფასეს. სპეციალისტების ვარაუდით, შიდა გადაცემა მოხდა რიტუალის დროს, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა.

მარნეულში ინფიცირებულ ქალს 1,7 ათასი სავარაუდო კონტაქტი ჰქონდა, აქედან 90 - უშუალო.

126
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)