სტადიონი „დინამო-არენა“

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა

75
თანხა stopcov ფონდში ჩაირიცხა, რომელიც  საქართველოში ახალი გამოწვევის წინააღმდეგ საბრძოლველად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა.

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა 100 ათასი ლარის ოდენობით #stopcov ფონდში გადარიცხა, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

ორგანიზაციის ცნობით, ფონდი საქართველოში ახალი გამოწვევის წინააღმდეგ საბრძოლველად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში დაარსდა და ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

13 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ  კორონავირუსთან საბრძოლველად ფინანსური რესურსის გარდა ფედერაციის ბალანსზე არსებული სასტუმრო და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა გამოყო საკარანტინო ზონად მოსაწყობად.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 61 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 8. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 235 ადამიანია.

შაბათს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. სხვა შეზღუდვებთან ერთად, იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება. კვირას კი მარნეულისა და ბოლნისის  რაიონებში მკაცრი კარანტინი ამოქმედდა. მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა იკრძალება.

ქალები თუ მამაკაცები: ვინ უფრო მეტად ავადდება კორონავირუსით - ეპიდემიოლოგი განმარტავს >>

შეზღუდვები სპორტსაც შეეხო. საქართველოს მთავრობამ სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი ვადამდე დახურა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადაიდო სპორტული, კულტურული და სხვა მასობრივი ღონისძიებები. დაიკეტა ყველა სპორტული დარბაზი. შეწყდა საქართველოს ფეხბურთის, ხელბურთის, კალათბურთისა და რაგბის ჩემპიონატები. გაურკვეველი ვადით გადაიდო ძიუდოში თბილისის გრან–პრის გამართვა. 14 მარტს საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩი გადაიდო. ასევე გადადებულია 26 მარტს დაგეგმილი საქართველო–ბელარუსის საფეხბურთო მატჩი.

75
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (619)