კარანტინი მარნეულის რაიონში

შსს მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

45
(განახლებულია 17:25 23.03.2020)
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს.

თბილისი,  23 მარტი — Sputnik. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ვითარება ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და კონტროლს სრულად ექვემდებარება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს.

საკარანტინო პირობები მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.

„მუნიციპალიტეტებში მოსახელობისთვის ცხოვრების ჩვეული რიტმის ცვლილებამ შექმნა უჩვეულო სიტუაცია, რის გამოც ადგილობრივი მოქალაქეები რიგ შემთხვევებში, გარკვეულ შფოთს გამოხატავენ. თუმცა მათთან მუშაობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ისინი სრულ მზადყოფნაში არიან მოსახლეობის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, მარნეულსა და ბოლნისში, ასევე მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, საკარანტინო შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.

რეგიონში გადაადგილება ძირითად გზებზე განთავსებული 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგოს საშუალებით კონტროლდება. ასევე, კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები, სადაც განთავსებულია მობილური საგუშაგოები. მუდმივი კონტროლი ხორციელდება მობილური ჯგუფების მეშვეობითაც.

მდგომარეობიდან გამომდინარე, სამინისტრო მოუწოდებს  მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და შეასრულონ მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

23 მარტის ღამეს საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოაცხადა.

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი 67 წლის ქალს დაუდგინდა, ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა.  ეპიდემიოლოგებმა ამ შემთხვევას შიდა გავრცელების შემთხვევა უწოდეს. სპეციალისტების ვარაუდით, შიდა გავრცელება სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა. ეპიდემიოლოგებმა 90 საკონტაქტო პირი დაადგინეს, თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 54 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 235.

45
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (619)