რესპუბლიკური საავადმყოფო

მარნეულიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოყვანილი 80 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

115
(განახლებულია 16:12 23.03.2020)
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, 80 წლის კაცმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა.

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. მარნეულიდან გუშინ გადმოყვანილი 80 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

„80 წელს ზემოთ ასაკის კაცმა დაგვიანებით, 10 დღის ავადმყოფობის შემდეგ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. პაციენტს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია და ტემპერატურის მატება. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

ინფიცირებულის ახალ კორონავირუსზე ტესტის პასუხი, სავარაუდოდ, საღამოს გახდება ცნობილი.

საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში წუხელ ღამით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა. საკარანტინო რეჟიმის დაწესება აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ მარნეულში დადასტურებული ინფიცირების შიდა გადაცემის შემთხვევა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა, რომელსაც ამ ორი რაიონიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა.

ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 34 პაციენტი გადის მკურნალობას. 5 პაციენტს ახალ კორონავირუსზე ტესტს დღის განმავლობაში აუღებენ.

კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მარნეულიდან კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია>>

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 54 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 235.

115
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
ჯარიმა პარკირების წესების დარღვევისთვის

საჯარიმო ქვითრის ჩაბარების პროცედურა იცვლება

19
მოქმედი კანონმდებლობით, გზავნილის განმახორციელებელი ვალდებულია, პირის რეგისტრაციის მისამართზე მიიტანოს გზავნილი და ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შესაბამისი წერილობითი უკუგზავნილი შეადგინოს.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. პირებს, რომლებიც საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას მის მიღებაზე უარს ორჯერ განაცხადებენ, ქვითრის ჩაბარება მაინც ჩაეთვლებათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, მათი ინიციატორები ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი და გოგა გულორდავა არიან.

ინიციატორების განმარტებით, ცვლილებების მომზადების მიზეზი არსებული პრაქტიკაა, რომელიც ცხადყოფს, რომ ჯარიმების აღსრულების მოქმედი მექანიზმი ეფექტური არ არის. კერძოდ, პრობლემურია პირისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარების პროცედურა.

„სამართალდამრღვევი მიმართავს სხვადასხვა ხერხს, რათა ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით ექვს თვეს შეადგენს, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას. არსებული მონაცემებით, კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გაცემული ჯარიმების რაოდენობის მხოლოდ დაახლოებით 50 პროცენტის აღსრულება ხდება. შესაბამისად, აღნიშნული ნათლად წარმოაჩენს აღწერილი აღსრულების მექანიზმის არაეფექტურობას“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმად, საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მის მიღებაზე უარს იტყვიან სამართალდამრღვევი პირის ოჯახის წევრები. ესენი კი არიან – მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, ბიძა, დეიდა, ბიცოლა, მამიდა და მასთან მუდმივად მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.

მოქმედი კანონმდებლობით, გზავნილის განმახორციელებელი ვალდებულია, პირის რეგისტრაციის მისამართზე მიიტანოს გზავნილი და ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შესაბამისი წერილობითი უკუგზავნილი შეადგინოს.

19
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში
ამირან გამყრელიძე

რომელი ქვეყნებიდან ვერ მიიღებს საქართველო ტურისტებს - ამირან გამყრელიძე

39
(განახლებულია 21:01 28.05.2020)
საქართველო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებას გეგმავს, ხოლო 15 ივნისიდან კი შიდა ტურიზმის გახსნაა დაანონსებული.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. კორონავირუსით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან საქართველო ტურისტებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს, განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებას გეგმავს, ხოლო 15 ივნისიდან კი შიდა ტურიზმის გახსნაა დაანონსებული.

„რა თქმა უნდა, ჯერ ვერ მივიღებთ ტურისტებს მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან. მიმდინარეობს მუშაობა იმ პროტოკოლზეც, როგორი უნდა იყოს ტურისტების მიღებისა და მათზე ეპიდზედამხედველობის დაკვირვების სისტემა, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ქვეყანაში ინფექციის შემოტანის რისკი. მოდით, ამ კითხვაზე პასუხს დავუბრუნდეთ ერთი კვირის, 10 დღის შემდეგ, როცა ამ საკითხზე უფრო მეტად ვიქნებით ჩამოყალიბებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო. 

„ჩამოვყალიბდებით წესებზე, რომელიც დამტკიცდება შესაბამისი მარეგულირებელი აქტით“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

პანდემიის გამო ახალი გამოწვევების ფონზე ხელისუფლების მიერ შემუშავებული კონცეფციის თანახმად, საქართველო იმიჯს შეიცვლის და პოზიციონირდება როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

ტურისტების მიღებამდე საქართველოს ხელისუფლება ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანმოს მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას უზრუნველყოფს. ეს შეეხება როგორც აეროპორტებსა და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს, ისე სასტუმროებს, გიდების მომსახურებას, კვების ობიექტების, ასევე ნებისმიერი სახეობის ტრანსპორტის მუშაობას.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/28 მაისი >>

საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ. ტურისტული სექტორი და სასტუმროები უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ სპეციალურ რეკომენდაციებს მიიღებენ.

მთავრობის გეგმის მიხედვით, საქართველოში ჩამოსული ტურისტები დაისვენებენ ისეთ კურორტებზე, როგორიცაა წყალტუბო, ბორჯომი, აბასთუმანი, ბაკურიანი, გუდაური, ბათუმი და ა.შ.

39
თემები:
COVID-19 საქართველოში