ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე: ოთხშაბათიდან შეგვიძლია მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება დავიწყოთ

154
(განახლებულია 18:59 23.03.2020)
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში საკმაო რაოდენობის სწრაფი ტესტების შემოტანა მოხდება ოთხ ეტაპად.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით შერჩეული ტესტები საქართველოში ხვალიდან შემოვა და ოთხშაბათიდან უკვე შეგვიძლია დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინზე. 

გასულ კვირაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველომ ჩინეთიდან 1000 ტესტი საჩუქრად მიიღო. გარდა ამისა, კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის საჭირო სწრაფი ტესტების შემოტანის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სამხრეთ კორეის სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც ქვეყანა 200 ათას ტესტს ელოდება.

დღეისათვის კორონავირუსზე ტესტირება ხორციელდება ლუგარის სახელმწიფო ლაბორატორიაში და ერთ-ერთ კერძო კლინიკაში.

„ტესტები, რომლებიც ხვალიდან იქნება საქართველოში, დაავადების გამოვლენას მოახდენს პირველი დღიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ტესტირების ხარისხი, მოხდა ტესტების შერჩევა ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით და ის ტესტები, რაც საქართველოში ჩამოვა, მოგვცემს საშუალებას, რომ 100%-იანი სიზუსტით დავადგინოთ კორონავირუსი პირველ და მეორე დღეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი განმარტებით, ქვეყანაში სწრაფი ტესტების შემოტანა მოხდება ოთხ ეტაპად და რაოდენობა არის საკმარისი, რათა საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა მოხდეს.

23 მარტს საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 8, კარანტინის რეჟიმშია – 3320, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონაში იქნება გადაყვანილი. 

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების დიდი ნაწილი.

დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები და ა.შ., არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოს ტერიტორიაზე იზღუდება ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის მატარებლით მგზავრების გადაყვანა. მთავრობამ, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები.

გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

154
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (662)