ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია: გამხნევდით, მთელი საქართველო თქვენ გვერდით ვართ!

59
(განახლებულია 14:06 23.03.2020)
მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობისადმი საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვა ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე გავრცელდა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სახალხო დამცველი მაქსიმალურად გაუწევს მონიტორინგს შექმნილ ვითარებაში ადამიანთა საჭიროებების გამოვლენასა და უფლებების დაცვას, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიმართვაში ბოლნისისა და მარნეულის მცხოვრებლებისადმი. 

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 23 მარტიდან საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა.

„ბოლნისსა და მარნეულში მცხოვრებო ჩვენო თანამოქალაქეებო, გამხნევდით! მთელი საქართველო თქვენ გვერდით ვართ! სახალხო დამცველი მაქსიმალურად გაუწევს მონიტორინგს შექმნილ ვითარებაში ადამიანთა საჭიროებების გამოვლენასა და უფლებების დაცვას; მიღებულ ინფორმაციებს პერიოდულად მოგაწვდით! დახმარების საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ საკითხზე 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელ ხაზს“ ნომერზე – 1481“, – ნათქვამია facebook-გვერდზე ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი დაინტერესებული პირი აზერბაიჯანულ ენაზე კონსულტაციის მიღებისთვის უნდა დაუკავშირდეს მურად ჰუსეინოვს ნომერზე – 591 70 10 73, ხოლო სომხურ ენაზე კონსულტაციისთვის – ანდრანიკ ბაღდასარიანს ნომერზე – 595 80 78 44.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევამ 54-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა – 3, კარანტინის რეჟიმშია – 3254, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 233.

 

59
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (662)