მიკროავტობუსი Mercedes

ფოთში ტურისტები თვითიზოლაციის რეჟიმს საკუთარ მანქანებში გადიან

92
საერთო ჯამში, ფოთში სულ 57 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში, კარანტინში კი შვიდი პირია. მათ არ აქვთ კლინიკური გამოვლინებები

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. ფოთში ტურისტები თვითიზოლაციას პოლიციის ეზოში, საკუთარ მანქანებში გადიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ფოთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რიცხვი რვით გაიზარდა. აქედან ოთხი პირი საფრანგეთის მოქალაქეა. ისინი პირადი მანქანებით ფოთის პოლიციის ეზოში, საპარკინგე ზონაში იმყოფებიან. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ისინი თვითიზოლაციის პროცესს ადგილზე გადიან.

საერთო ჯამში, ფოთში სულ 57 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში, კარანტინში კი შვიდი პირია. მათ არ აქვთ კლინიკური გამოვლინებები. მერიის ინფორმაციით, ფრანგი ტურისტების კვებას მერია ყველა წესის დაცვით უზრუნველყოფს.

„დღეს დაემატა რვა შემთხვევა, აქედან ოთხი საფრანგეთის მოქალაქეა, რომლებიც ტურისტულად, თურქეთიდან შემოვიდნენ და არიან თვითიზოლაციაში. მათ ჰყავთ თავიანთი ორი მანქანა, რომელშიც არის საძინებელი, აქვთ საკვებიც. დანარჩენი ოთხიდან, ორი გერმანიიდან, ორი კი თურქეთიდან ჩამოვიდა, მათ შორისაა სამი ქალი. ისინი არიან 30-დან 56 წლამდე პირები“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

22 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 54-ს მიაღწია, კარანტინში 2 956 ადამიანია, კიდევ 291 ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ერთი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

92
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (617)