რეანიმაცია

კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მარნეულიდან კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია

1748
პაციენტს აღენიშნება თანმდევი დაავადებები - გულის მწვავე უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მარნეულიდან კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია, განაცხადა სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა.

62 წლის ქალს კორონავირუსი დღეს დილით დაუდასტურდა. ის მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკიდან თბილისის საუნივერსიტეტი კლინიკაში დღეს გადაიყვანეს. პაციენტს აღენიშნება თანმდევი დაავადებები - გულის მწვავე უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ლევან რატიანი ლეტალური გამოსავლის პროგნოზს აკეთებს.

22 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 54-ს მიაღწია, კარანტინში 2 956 ადამიანია, კიდევ 291 ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

1748
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)
ისრაელის და საქართველოს დროშები

საყოველთაო კარანტინი: ისრაელში საქართველოს საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

101
(განახლებულია 22:41 24.09.2020)
მიმდინარე წლის 25 სექტემბრის 14:00 საათიდან ისრაელი საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადადის. რეგულაციები 11 ოქტომბრამდე რჩება ძალაში.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ისრაელში საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს გვერდზე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 25 სექტემბრის 14:00 საათიდან ისრაელი საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადადის. რეგულაციები 11 ოქტომბრამდე რჩება ძალაში.

„ეკონომიკური საქმიანობა სრულად შეიზღუდება, გამონაკლისს წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორგანიზაციები, როგორიც არის: საფინანსო და ენერგეტიკული სექტორი, სოციალური მომსახურეობა, წარმოება და პროდუქტების მიწოდება, კავშირგაბმულობა, მედიცინა, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და პორტი, დასუფთავების სამსახური“, - აღნიშნულია საელჩოს გვერდზე. .

გარდა ამისა, „იომ ქიფურის“ დღესასწაულის პერიოდში 27-28 სექტემბერს მზის ჩასვლამდე მანქანით გადაადგილება აიკრძალება. ამავე პერიოდში დაიხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, მათ შორის აფთიაქები.

საქართველოს საელჩო ასევე შეახსენებს თავის მოქალაქეებს, რომ ძალაში რჩება ადრე დამტკიცებული შეზღუდვები.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 209 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გარდაიცვალა 1 376 ადამიანი.

101
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
კორონავირუსით დაავადებული პაციენტის მკურნალობა

ქუთაისში გინეკოლოგები სამშობიაროს კოვიდ-ცენტრად გადაკეთებას აპროტესტებენ

94
(განახლებულია 22:19 24.09.2020)
მედიკოსები ირწმუნებიან, რომ სამშობიაროში არ არის სათანადო ინვენტარი და აღჭურვილობა იმისათვის, რომ კლინიკამ კოვიდცენტრად იმუშაოს.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისის მესამე სამშობიარო სახლის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

მედიკოსებმა ამ ფორმით კლინიკის ხელმძღვანელობის ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომელის თანახმადაც ეს სამედიცინო დაწესებულება კოვიდ ცენტრად უნდა გადაკეთდეს.

„ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილებას ის იღებს და არ აინტერესებს თანამშრომლების პროტესტი. გვითხრეს, რომ ვისაც უნდა, დარჩება და იმუშავებს. მაგრამ როგორ წარმოუდგენიათ, გინეკოლოგმა ეპიდემიოლოგად იმუშაოს?“, - განაცხადა კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

კლინიკის 55 თანამშრომელი მოვითხოვს, გამოუყონ ფართი, სადაც ისინი თავიანთი პაციენტების მიღებას შეძლებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გინეკოლოგები აქციების გაგრძელებას აპირებენ.

მედიკოსები ასევე აცხადებენ, რომ სამშობიაროში არ არის სათანადო ინვენტარი და აღჭურვილობა იმისათვის, რომ კლინიკამ კოვიდცენტრად იმუშაოს.

სამშობიაროს ხელმძღვანელის მედეა შავიშვილის თქმით, კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთება სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა და ექიმების პროტესტი უსაფუძვლოა.

კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ბათუმში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა >>

შავიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კლინიკა კოვიდცენტრად რამდენიმე თვით გადაკეთდება. ამ დროის განმავლობაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ და თანამშრომლების ნაწილს შესთავაზეს ამ პირობებში ემუშავათ, რაზეც უარი მიიღეს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

94
თემები:
COVID-19 საქართველოში
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ყურადღებით აკვირდება საარჩევნო გარემოს საქართველოში

0
(განახლებულია 23:03 24.09.2020)
გასული წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ თითქმის არავინ არ აგებს პასუხს წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტების გამო, განაცხადა სახალხო დამცველმა

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ომბუდსმენის ოფისი წინა წლების მსგავსად აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებას ახდენს, განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

ომბუდსმენის თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის უკვე დაფიქსირდა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები.

„ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების თაობაზე, ამ საკითხებშიც ჩართულები ვართ. შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციებს, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის, მოსყიდვის და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების ჩადენისთვის პრაქტიკულად არავინ არ აგებს პასუხს და დღემდე არ არსებობს დაზარალებული თუ ბრალდებული პირები აღნიშნულ საქმეებში.

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მედია ვალდებულია მოვლენების გაშუქებისას იყოს ობიექტური და არ იყენებდეს სიძულვილის ენას.

„წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს იმედია, განახორციელებენ ეუთო/ოდირი, თუ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ჩვენი მოწოდება იქნება, მაქსიმალურად გაკონტროლდეს, რომ არ იქნეს გამოყენებული სიძულვილის ენა. რა თქმა უნდა, მედია ვერ აიღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას, მაგრამ ვფიქრობ, მედიასაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მსგავსი ფაქტების გაშუქებისას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, დაუშვებელია ქსენოფობიური და ჰომოფობიური გამონათქვამების გამოყენება და ძალადობის ფაქტების წახალისება.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020