სომხეთ-საქართველოს საზღვარი

საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანთან საზღვრებზე თითო გამშვებ პუნქტს ტოვებს

133
სატვირთო გადაზიდვებისთვის მეზობელ ქვეყნებთან საზღვრებზე ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი კვლავ ღიაა

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებს სომხეთთან საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ „სადახლოს“ გამშვები პუნქტის გავლით, ხოლო აზერბაიჯანთან - „წითელი ხიდის“ გავლით შეეძლებათ, იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ.

საქართველოს საზღვარზე სატვირთო ავტომობილებისთვის ახალი წესები შემოიღეს >>

შეზღუდვები არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, რომლებიც კვლავ ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტების გავლით განხორციელდება.

შეხვედრაზე განიხილეს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღინიშნა, რომ უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაეწერა 3 პაციენტი, რომლებსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად, თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 54-ს შეადგენს (რომელთაგან 3 გამოჯანმრთელებულია), მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ და უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, ინფიცირების ყველა შემთხვევის წარმომავლობა დღეისათვის ცნობილია, რაც ხელს უწყობს პროცესის მართვას.

შეხვედრაზე განხილული იყო მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური ტენდენციები და ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის დონე. აღინიშნა, რომ მსოფლიო პრაქტიკით, საჭიროებისა და პაციენტთა რაოდენობის სწრაფი ზრდის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები განიხილავენ მათ შორის სახლში მკურნალობასაც.

სხდომის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ეფექტური თანამშრომლობის გაგრძელება. აღინიშნა, რომ კლინიკური მართვის მიმართულებით საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მხარდასაჭერად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ექსპერტებს გამოაგზავნის.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 22 მარტისთვის >>

აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დაყოფილია თემატურ ჯგუფებად, რომლებიც კორორნავირუსთან ბრძოლის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ჯანდაცვის, ეკონომიკურ და სამართალდაცვით საკითხებს კურირებენ.

შაბათს 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

         

133
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (733)