რეანიმაციის განყოფილება

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალი მართვით სუნთქვაზეა

205
(განახლებულია 19:41 22.03.2020)
სამედიცინო ცენტრს დაცვის პოლიცია აკონტროლებს და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს, მათ შორის პაციენტებსაც.

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. 62 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დილით დაუდგინდა, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალში“ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, იუწყება Imedi.

მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ეთერ ლაფერაძის განცხადებით, პაციენტს რომელიმე საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. კლინიკაში ასევე იმყოფება მისი და, რომლის ნიმუშები აღებულია ტესტირებისთვის.

ამ წუთებში კლინიკაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რომლებიც დაადგენენ 62 წლის ქალის კონტაქტებს, თავად პატიენტს კი სავარაუდოდ გორის ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

პირველი არხის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში არის რამდენიმე ექიმი, რომელთაც შეხება ჰქონდათ პაციენტთან.

სამედიცინო ცენტრს დაცვის პოლიცია აკონტროლებს და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს, მათ შორის პაციენტებსაც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით მარნეულში ადგილზე იკვლევს ვითარებას და კონტაქტებს. მათი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენ ადამიანს შეეხება კარანტინის ზომები.

22 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 54-ს მიაღწია, კარანტინში 2 956 ადამიანია, კიდევ 291 ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

205