თსუ

თსუ საერთაშორისო უმაღლესების რეიტინგში 113 პოზიციით დაწინაურდა

70
(განახლებულია 16:30 22.03.2020)
რეიტინგების შედგენისას უნივერსიტეტებს აფასებენ რეპუტაციით, აკადემიური და კვლევითი საქმიანობით, პუბლიკაციებით, სამეცნიერო ნაშრომებით და კონფერენციების ხარისხით

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 113 პოზიციით დაწინაურდა და 322 ადგილი დაიკავა უმაღლესების საერთაშორისო რეიტინგში Best Global Universities Rankings 2020, ნათქვამია უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე.

თსუ-სთან აღნიშნულ პოზიციას ინაწილებს ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტი.

ამგვარად, თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 1,5%-ში შედის. რაც შეეხება დისციპლინებისა და ფაკულტეტების რეიტინგს, თსუ-ს ფიზიკის მიმართულება 22 პოზიციით დაწინაურდა და 256-ე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ თსუ რეიტინგში უსწრებს ისეთი ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებს, როგორებიცაა უნგრეთი, რუმინეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და სხვ.

უმაღლესების რეიტინგი 13 ძირითადი კრიტერიუმით დგინდება და მსოფლიოს 81 ქვეყანაში 1,5 ათას საუკეთესო უნივერსიტეტს გამოავლენს. კავკასიის რეგიონში აღნიშნული კრიტერიუმები მხოლოდ თსუ-მ დააკმაყოფილა.

ეგვიპტიდან ქართველ სტუდენტებს სამშობლოში ჩამოიყვანენ >>

პოსტსაბჭოთა სივრციდან მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების სიაში თსუ-ს გარდა მოხვდა მხოლოდ ორი - ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტი და ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

U.S.News&World Report უკვე 30 წლის განმავლობაში აქვეყნებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სიას. რეიტინგების შედგენისას უნივერსიტეტებს აფასებენ რეპუტაციით, აკადემიური და კვლევითი საქმიანობით, პუბლიკაციებით, სამეცნიერო ნაშრომებით და კონფერენციების ხარისხით და ა.შ.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა. მისი დამფუძნებლის — ივანე ჯავახიშვილის სახელი მას 1989 წელს მიენიჭა.

თსუ-ში სწავლობს 20 ათასამდე სტუდენტი, საიდანაც 2% უცხოელია.

70
თემები:
განათლება საქართველოში (200)