მარინა ეზუგბაია

ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი ბავშვია

138
პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით შენარჩუნებულია მდგომარეობა, როდესაც ინფიცირების თითოეულ შემთხვევაზე ცნობილია, ვისგან მოხდა გადადება.

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან ერთი ბავშვია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

22 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 3. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2956, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 291 ადამიანია.

დღეს დილით ცნობილი გახდა 5 ახალი შემთხვევის შესახებ. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი ქვეყანაში ახალი შემოტანილი შემთხვევაა, დანარჩენი სამი კი პაციენტების კონტაქტებია. კონტაქტებს შორის ერთ-ერთი 14 წლამდე ბავშვია, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.

„ხუთი ახალი პაციენტიდან ორი არის ჩვენს ცენტრში, ერთი პაციენტი არის ახალი წყაროდან. უკვე აზრი აღარ აქვს, რომელ ქვეყანაზე ვილაპარაკებთ, ევროპაა და დამთავრდა. ევროპიდან არის ერთი ახალი შემთხვევა, შემოტანილი შემთხვევა. მეორე შემთხვევა ჩვენს ცენტრში რომელიც არის, ის არის ჩვენთან მყოფი პაციენტების ერთ-ერთი ჯგუფიდან კონტაქტი და არის ბავშვი. ასაკს არ ვამბობთ, 0-დან 14 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი ჩვენთვის იქნება ბავშვი. მისი ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპზე არ არის მძიმე და იმედია, არ იქნება. ანუ მეხუთე ბავშვი გვყავს ამ ეტაპზე ჩვენ ცენტრში. ხუთივეს ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით მართვას ექვემდებარება“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება დანარჩენ სამ ახალ პაციენტს, ისინი სხვა ცენტრებში არიან მოთავსებული.

„მათგან ერთი არის ჩვენთან მოთავსებული პაციენტებიდან ერთი-ერთი ჯგუფის კონტაქტი, ორი არის შემოტანილი შემთხვევა და მათი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. ის, ვინც ჩვენი პაციენტების კონტაქტები არიან, რა თქმა უნდა, ყველანი იმყოფებიან თვითიზოლაციაში ან საკარატნიო სივრცეში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება 49-ე პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი შაბათს დაუდასტურდა, ის მექსიკური წარმოშობის ფრანგი მამაკაცია.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით შენარჩუნებულია მდგომარეობა, როდესაც ინფიცირების თითოეულ შემთხვევაზე ცნობილია, ვისგან მოხდა გადადება.

„ეს ადამიანი უცხოელია, ფრანგი მოქალაქეა. იყო საბერძნეთში, საიდანაც შემოვიდა საქართველოში. ეს მოხდა რამდენიმე დღის წინ. ის ქვეყანაში არ შემოუშვეს, აეროპორტში იყო, მაგრამ ასეთი ადამიანების უკან გამგზავრებაც უკვე პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. საბოლოოდ გადაყვანილი იქნა ჯერ კარანტინში და შემდგომ, როგორც კი სიმპტომები გაუჩნდა, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან ერთად, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ერთმა პაციენტმა კლინიკა გუშინ უკვე დატოვა, ერთი კი საავადმყოფოდან დღეს გაეწერება.

„ერთმა პაციენტმა გუშინ უკვე დატოვა ჩვენი დაწესებულება, მეორე დატოვებს დღეს. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ვთქვათ, რომ სამმა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

შაბათს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. სხვა შეზღუდვებთან ერთად, იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება.

138
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (619)