ნინო ლომჯარია

ლომჯარია: საზოგადოებრივი თავშეყრის აკრძალვა რელიგიურ შეკრებებზეც გავრცელდება

68
(განახლებულია 17:47 21.03.2020)
ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. 10 კაცზე მეტი პირის შეკრება აკრძალულია

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. რელიგიური ორგანიზაციები არიან ვალდებულები ამ პროცესში არ განახორციელონ იმგვარი მოქმედება, რაც ქმნის გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს და იწვევს რისკებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 48 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანია. დღეს საქართველოში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 10 კაცზე მეტი პირის შეკრება აკრძალულია.

როგორც ომბუდსმენი აცხადებს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის, აღმსარებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა, იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც, ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც.

ლომჯარიას განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში, რომელიც პანდემია-ეპიდემიების დროს მოქმედებს, აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია: არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას; შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას; დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები.

„ამ მუხლით შეიზღუდა და გაჩერდა მთელი რიგი დაწესებულებების საქმიანობა საქართველოში. ამ წესების დარღვევა ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის  დროს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის, აღმსარებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა, იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც, ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც.

„სახელმწიფო რელიგიური რიტუალების ან წესების ცვლილებას ვერ მოახდენს, თუმცა რელიგიური ორგანიზაციები არიან ვალდებულები ამ პროცესში არ განახორციელონ იმგვარი მოქმედება, რაც ქმნის გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს და იწვევს რისკებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის“, - წერს ლომჯარია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები.

მთავრობამ სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

 

68
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (618)