შემოწმება კორონავირუსზე

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

151
(განახლებულია 15:32 21.03.2020)
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი  შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე არის განთავსებული.

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 48 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები.

მთავრობამ სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

 

 

 

151
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (619)