კორონავირუსზე სინჯის აღება

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საფრანგეთში მოგზაურობას უკავშირდება

71
(განახლებულია 12:35 21.03.2020)
საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა ე.წ. მეოთხეული გადაცემა, რა დროსაც ინფიცირებულმა არ იცის, ვისგან არ სად დაინფიცირდა.

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან, რომელთა შესახებაც დღეს გახდა ცნობილი, ორი საფრანგეთში მოგზაურობას უკავშირდება.

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანია.

მსოფლიო შუაღამიდან დილამდე: პანდემიის უკან დახევის თარიღი და ველური ცხოველები ქუჩებში >>

დღეს დადასტურებული სამი შემთხვევიდან კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი  გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. 25 წლამდე იუნკერსა და ქალს საფრანგეთის მოგზაურობის ისტორია აქვთ. იუნკერი საქართველოში საფრანგეთიდან 16-ში ჩამოვიდა და ის საკარანტინო სივრციდან 18 მარტს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ქალი კი საფრანგეთიდან 20 მარტს ჩამოფრინდა და ის აეროპორტიდან პირდაპირ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

„გუშინ გაგზავნილი 11 ნიმუშიდან ორი დაგვიდასტურდა. ახალგაზრდა ადამიანები არიან. პირველი შემთხვევა არის იუნკერი საფრანგეთში მოგზაურობის ისტორიით. კლინიკურად მასთან ძალიან სუსტადაა გამოხატული სიმპტომატიკა, იმყოფება ბოქსირებულ განყოფილებაში. მეორე შემთხვევა არის ქალბატონი. მასაც აქვს საფრანგეთის მოგზაურობის ისტორია. ეს ქალი 20-ში აეროპორტიდან შემოვიდა ჰოსპიტალში. მასთან სიმპტომატიკა გამოხატულია უფრო ცხელებით. სოციალური დისტანცია ორივესთან დაცულია, შეხება არ ჰქონიათ“, – განაცხადა სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა დავით ბარლიანმა.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინე სივრცეში სულ 59 პირი იმყოფება, აქედან 32 სამხედრო.

დღეს დადასტურებული  კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი კი ესპანეთიდან არის შემოტანილი. პაციენტი ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული, იგი მანამდე  თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მისი კონტაქტები ცნობილია. შესაბამისად, საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა ე.წ. მეოთხეული გადაცემა, რა დროსაც ინფიცირებულმა არ იცის, ვისგან არ სად დაინფიცირდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები.

მთავრობამ სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

71
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)