დავით ზალკალიანი

საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში ჩარტერული რეისებით ჩამოიყვანენ

68
(განახლებულია 12:15 21.03.2020)
21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი.

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეების  ჩამოსაყვანად უახლოეს დღეებში ამსტერდამიდან ორი და ბერლინიდან  ერთი ჩარტერული რეისი განხორციელდება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანია.

მინისტრის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრთან შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დავალების შესაბამისად, გადასულია 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე.

„ყველა ჩვენი საკონსულო, საელჩო, უცხოური მისია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებშია განთავსებული, გადართულია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების მომსახურებაზე“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

მინისტრმა უახლოეს დღეებში დაგეგმილ სპეციალურ ავიარეისებზე ისაუბრა, რომლითაც ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ.

„როგორც უკვე გამოცხადებულია, უახლოეს დღეებში განხორციელდება ჩარტერული რეისები. ამსტერდამიდან ორი რეისი და ერთი რეისი ბერლინიდან. რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია და კოორდინაცია ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისთან“ და მოვახდენთ სხვა მიმართულებებითაც ფრენებს. ის ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში, მათაც ეტაპობრივად, არსებული რესურსის ფარგლებში, რაც ხელისუფლებას და ქვეყანას გააჩნია, მოვახდენთ მათ გამოყვანას ამ ქალაქებიდანაც“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები.

მთავრობამ სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

68
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (735)