საქართველოს საპატრიარქო

სინოდი: საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა ყოვლად მიუღებელია

84
დღეს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას მიეძღვნა.

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. სინოდის გადაწყვეტილებით, ზიარების წესი არ შეიცვლება და ერთჯერადი ჭურჭლით მხოლოდ ზიარების შემდგომ დასაყოლებელი სასმლის მიღება იქნება ნებადართული, აღნიშნულია სინოდის განჩინებაში, რომელიც დღევანდელი სხდომის მდივანმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ გააცნო საზოგადოებას.

დღეს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას მიეძღვნა.

მიტროპოლიტის განცხადებით, უარის თქმა საზიარებელ საერთო კოვზზე, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

„ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს. პირველ რიგში, გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები. მთავარი მიზეზი კი თანამდროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა. განსაცდელები არ არის შემთხვევითი, არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს“, - ნათქვამია სინოდის განჩინებაში.

წმინდა სინოდმა შემდეგი რეკომენდაციები მიიღო:

  1. ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით.
  2. სასურველია, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეში შეძლოს ლოცვაზე დასწრება.
  3. ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის – წყლიანი ღვინო, მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით.
  4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითზოლაციაში ან კარანტინში მყოფთ ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება, ასევე სასულიერო პირებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები.
  5. დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურის, განსაკუთრებით კი, ჯანდაცვის მუშაკების თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა მაღალი პროფესიონალიზმით. წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება.

მანამდე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  ეკლესიამ დასაშვებად მიიჩნია, რომ ზიარების შემდგომ სასმელის („სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.

საპატრიარქო: ზიარების წესში ეჭვის შეტანა გამორიცხულია>>

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1925, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 271 ადამიანია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

84
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (664)