თბილისის ინფექციური საავადმყოფო

კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა პრობლემურია

145
(განახლებულია 20:49 20.03.2020)
20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი

თბილისი, 20 მარტი  - Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა პრობლემურია და კვლავ საყურადღებოა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვისაც ექიმის კონსულტაცია სჭირდება – ყველა რესპუბლიკურ საავადმყოფოში!>>

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1925, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 271 ადამიანია.

„დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, 44 პაციენტიდან პრობლემური რჩება ოთხი პაციენტი: ჩვენთან  ორი ასაკოვანი ქალბატონია, ორიც ასევე საუნივერსიტეტო კლინიკაშია.  ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია ამ ეტაპზე, გაუარესება არ შეიმჩნევა, მაგრამ ასაკისა და თან არსებული დაავადებების გამო, მათთან მოსალოდნელი არის დაავადების ნებისმიერ ეტაპზე პროგრესირება, გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, 44 ინფიცირებულიდან  თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 32 პირია მოითავსებული.

„ორი პაციენტი აჭარაშია, სამი ბოჭორიშვილის კლინიკაში, ოთხი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, 32 პაციენტი იმყოფება ჩვენს კლინიკაში, დანარჩენი სამი – საჩხერის კლინიკაში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ახალ ნიმუშებს, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ყველა ნიმუშზე პასუხი უარყოფითია.

„დღეს დილას ჩვენთან 15 ნიმუში გაკეთდა, პასუხი ყველა ნეგატიური იყო. ახლა უკვე კეთდება რვა პაციენტზე ტესტირება. მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება, რომ ჩვენს ცენტრში ჩვენი ლაბორატორია აკეთებს ტესტებს, ამიტომ შემიძლია ასე თავისუფლად ამაზე საუბარი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

გამყრელიძე: ამ დღეებში ჩვენ კიდევ გვეყოლება გამოჯანმრთელებული ადამიანები>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

145