საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: ზიარების წესში ეჭვის შეტანა გამორიცხულია

136
(განახლებულია 20:30 20.03.2020)
დღეს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას მიეძღვნა

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. ეჭვის შეტანა იმაში, რომ ზიარების საერთო კოვზით შესაძლოა ვინმეს ინფექცია გადაედოს, არის ყოვლად გამორიცხული, განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ.

დღეს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას მიეძღვნა.

საპატრიარქო მრევლს რჩევებით მიმართავს: ხშირად გამოიყენეთ ნაკურთხი წყალი, ილოცეთ>>

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, არ არსებობს ისეთი რეკომენდაცია, რომ  ეჭვი შევიტანოთ საიდუმლოების მადლმოსილებაში და მისტიკურ კავშირში ღმერთთან.

„ოფიციალური განცხადება ჯერ არ არის შეთანხმებული და აუცილებლად გამოქვეყნდება. მთელი დღე ვმსჯელობდით და მინდა გითხრათ, რომ სინოდში არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არაა. ეჭვის შეტანა იმაში, რომ ზიარების საერთო კოვზით შესაძლოა ვინმეს ინფექცია გადაედოს, არის ყოვლად გამორიცხული. შესაბამისად, აქ არაფერი არ შეიცვლება... პირადად მე ვთქვი სინოდზე და მინდა ყველას შემოგთავაზოთ ასეთი დევიზი - არ გადასდო და არ გადაგედება“, - განაცხადა მეუფემ.

მისი თქმით, გაიცემა რეკომენდაცია, რომ ყველა ტაძართან მსახურება გახმოვანდეს, რათა სიმჭიდროვე არ იყოს.

„აღდგომის დღესასწაული არაჩვეულებრივად ჩატარდება იმით, რომ ყველა ტაძარში შეძლებისდაგვარად იქნება გახმოვანება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს საშუალება ექნება, ტაძარში იყოს, გარედან მოისმინოს წირვა სუფთა ჰაერზე, საკუთარი სურვილის მიხედვით. ტაძრებში ჩატარდება წირვები, ეზოში წირვის ჩატარებას არავინ კრძალავს, ჩვენ ამას ხშირად მივმართავთ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მანამდე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  ეკლესიამ დასაშვებად მიიჩნია, რომ ზიარების შემდგომ სასმელის („სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.

საქართველოს ეკლესია მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის მოსალოცად, ხოლო გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან იზოლაციის წესი; პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ ისინიც, რომელნიც გრიპით, ან გრიპის მსგავსი ვირუსით არიან დაავადებულნი და სახლებში დარჩნენ. სურვილის შემთხვევაში მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებს.

გარდა ამისა, საპატრიარქო სასულიერო პირებს სთხოვს, გამორჩეულად ილოცონ კორონავირუსით დაავადებულთათვის და მათთვის, ვინც ავადმყოფებს უვლის.

საპატრიარქო: ზიარების წესთან  დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობაა>>

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1925, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 271 ადამიანია.

136
თემები:
საქართველოს საპატრიარქო (89)