ექიმი ცრის პაციენტს

NCDC: პრინციპულად აუცილებელია, რომ გეგმური ვაქცინაცია უწყვეტად გაგრძელდეს

79
(განახლებულია 20:14 20.03.2020)
ინფექციების ნაწილი, როგორიცაა ყივანახველა, პნევმოკოკი, წითელა, ჰიბ-ი, იწვევს სწორედ სასუნთქი სისტემის დაზიანებას, მსგავსად ახალი კორონავირუსისა.

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მშობლებს მოუწოდებს, ბავშვებს გეგმური ვაქცინაცია ჩაუტარონ.

როგორც უწყება განმარტავს, პრინციპულად აუცილებელია გეგმური ვაქცინაცია გაგრძელდეს უწყვეტად, ჩვეულ ასაკობრივ ვადებში.

„კორონავირუსული ეპიდემიის პირობებში ძალზე საშიშია პატარების საფრთხეში დატოვება აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი დაცვის გარეშე“, – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაციით მომსახურების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით პოლიკლინიკებსა და დაწესებულებებზე, სადაც ტარდება გეგმური ვაქცინაცია, გაცემულია მითითება, რომ აცრის ვიზიტისთვის წინასწარ შეთანხმდეს (სატელეფონო ან წერილობითი სახით) ზუსტი თარიღი და დრო აცრების ჩასატარებლად.

„აღნიშნული უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებებში თქვენი და თქვენი შვილის დაყოვნების ხანგრძლივობის, მომლოდინეთა რიგების მინიმიზებასა და დერეფნების განტვირთვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, ინფექციების ნაწილი (ყივანახველა, პნევმოკოკი, წითელა, ჰიბ-ი) იწვევს სწორედ სასუნთქი სისტემის დაზიანებას, მსგავსად ახალი კორონავირუსისა. აღნიშნულ ინფექციებზე აცრა კი იცავს ბავშვებს მათ მიერ გამოწვეული გართულებებისგან.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1925, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია.

79
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (179)