სწრაფი ჩარიცხვის აპარატი

ეროვნული ბანკი ბანკებს, მიკროსაფინანსოებსა და სავალუტო ჯიხურებს რეკომენდაციას აძლევს

116
(განახლებულია 19:44 20.03.2020)
იმ შემთხვევაშიც, თუ აუცილებელი გახდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, გადახდის აპარატები და ბანკომატები შეუფერხებლად იმუშავებენ და ეს სერვისები არ შეიზღუდება.

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საფინანსო სექტორსა და მოსახლეობას გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომერციულ ბანკებს, სესხის გამცემ სუბიექტებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და სავალუტო ჯიხურებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად შეზღუდონ სერვის-ცენტრებში მომსახურე პერსონალსა და კლიენტებს შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი.

„ასევე მათ უნდა უზრუნველყონ, რომ მომსახურება განხორციელდეს რიგების გარეშე, სადაც ეს შესაძლებელია, ან უზრუნველყონ რიგში მომხმარებელთა შორის რეკომენდებული დისტანციის დაცვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, იმისთვის, რათა ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ–გადახდის სერვისები და მოერიდონ აუცილებლობის გარეშე სახლიდან გასვლას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმ შემთხვევაშიც, თუ აუცილებელი გახდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, გადახდის აპარატები და ბანკომატები შეუფერხებლად იმუშავებენ და ეს სერვისები არ შეიზღუდება.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1925, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები და ა.შ. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები.

მთავრობამ, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

116
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (736)