ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე: დღეს კორონავირუსზე კიდევ 100-მდე ნიმუში გაიტესტება

60
(განახლებულია 19:14 20.03.2020)
30 იანვრიდან დღემდე ტესტი 1073 შესაძლო შემთხვევაზეა ჩატარებული, მათგან 43 ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსული ინფექციაა.

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. კორონავირუსის ინფექციაზე დღეს დაახლოებით 100-მდე ნიმუში გაიტესტება, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

გამყრელიძის განცხადებით, 30 იანვრიდან დღემდე ტესტი 1073 შესაძლო შემთხვევაზეა ჩატარებული, მათგან 43 ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსული ინფექციაა.

„შემთხვევათა უმეტესობა გახლავთ იმპორტირებული. დღეისათვის 43 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. კვლევაშია კიდევ რამდენიმე ნიმუში და დღეს, ალბათ, კიდევ გაიტესტება დაახლოებით 100-მდე ნიმუში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1925, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები და ა.შ., არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები.

მთავრობამ, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

60
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (619)