პაატა იმნაძე

იმნაძე სწრაფ ტესტებზე: მწარმოებლების ტესტების უმრავლესობა სტანდარტებს არ აკმაყოფილებს

69
(განახლებულია 18:22 20.03.2020)
დღეისათვის კორონავირუსზე ტესტირება ხორციელდება ლუგარის სახელმწიფო ლაბორატორიაში და ერთ-ერთ კერძო კლინიკაში.

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. მადლობელი ვიქნებით ყველასი, ვინც კერძო სექტორში შეძლებს და შემოიტანს ტესტებს, რომლებიც, პირველ რიგში, ვალიდური იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 

მისი თქმით, იგი გაეცნო მსოფლიოში სხვადასხვა მწარმოებლის რამდენიმე ტესტს და მათი უმრავლესობა არ აკმაყოფილებს შესაბამის ელემენტარულ სტანდარტებს.

„მე პირადად უკვე გავეცანი მსოფლიოში სხვადასხვა მწარმოებლის 15 თუ 16 ტესტს, სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა არ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს, რომლებსაც ტესტები უნდა აკმაყოფილებდეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს.

დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველომ ჩინეთიდან 1000 ტესტი საჩუქრად მიიღო, რომელსაც მომავალ კვირაში შემოიტანენ. გარდა ამისა, კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის საჭირო სწრაფი ტესტების შემოტანის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამხრეთ კორეის სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც ქვეყანა 200 ათას ტესტს ელოდება.

მანამდე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველო კორონავირუსის გამოვლენის მიზნით სწრაფი ტესტების დანერგვაზე მუშაობს. ამასთან, აღინიშნა, რომ უწყებამ მიიღო ხუთი წინადადება ექსპრეს–ტესტებთან დაკავშირებით და მათი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას ხარისხის შემოწმების შემდეგ მიიღებს. 

დღეისათვის კორონავირუსზე ტესტირება ხორციელდება ლუგარის სახელმწიფო ლაბორატორიაში და ერთ-ერთ კერძო კლინიკაში.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1925, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით დაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები და ა.შ., არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები.

მთავრობამ, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

 

69
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (662)