კორონავირუსის ტესტირება

ტიკარაძე: საქართველო სამხრეთ კორეიდან კორონავირუსის 200 ათას ტესტს მიიღებს

56
(განახლებულია 17:22 20.03.2020)
დღეისათვის კორონავირუსზე ტესტირება ხორციელდება ლუგარის სახელმწიფო ლაბორატორიაში და ერთ-ერთ კერძო კლინიკაში.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის საჭირო სწრაფი ტესტების შემოტანის საკითხზე მოლაპარაკებები სამხრეთ კორეის სახელმწიფოსთან მიმდინარეობს, რის შედეგადაც ველოდებით დამატებით 200 ათას ტესტს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსით ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

მინისტრის თქმით, გუშინ, საღამოს დარგის სპეციალისტებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ზუსტად გაიწერა ის ალგორითმი, რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელი სწრაფი ტესტის სახეობა იქნება საქართველოში შემოტანილი. ჩინეთის რესპუბლიკამ უკვე გამოყო საჩუქრად ათასი ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში და ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება იმ პიროვნებების ტესტირება, რომლებზეც გვექნება ეჭვი კორონავირუსთან მიმართებაში“, – აღნიშნა მინისტრმა.

ადრე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველო კორონავირუსის გამოვლენის მიზნით სწრაფი ტესტების დანერგვაზე მუშაობს. ამასთან, აღინიშნა, რომ უწყებამ მიიღო ხუთი წინადადება ექსპრეს–ტესტებთან დაკავშირებით და მათი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას ხარისხის შემოწმების შემდეგ მიიღებს. 

დღეისათვის კორონავირუსზე ტესტირება ხორციელდება ლუგარის სახელმწიფო ლაბორატორიაში და ერთ-ერთ კერძო კლინიკაში.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1925, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი.

დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები და ა.შ. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები. მთავრობამ, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები.

გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

 

56
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (664)