სასწრაფო დახმარება

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა აშშ-ში მოგზაურობას უკავშირდება

98
(განახლებულია 16:50 20.03.2020)
სამივე ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია. ისინი საქართველოში დაბრუნების შემდეგ საკარანტინო ზონაში იყვნენ მოთავსებული.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება და ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ აღნიშნული პირები ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის საკარანტინო ზონაში იყვნენ მოთავსებული. ყველა პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა ამ ოჯახთან კონტაქტში, არის იდენტიფიცირებული და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება შემდგომი ტაქტიკის დამუშავებისთვის.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 43-ს მიაღწია.

20 მარტის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1923, გამოჯანმრთელდა ერთი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია.
ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. დაავადების პირველ ნაკადში ინფიცირებული პირებიდან ორი შემთხვევა ირანს უკავშირდებოდა, ერთი – ესპანეთს, ხოლო დანარჩენები პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული იყო იტალიასთან. 

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე კარანტინში იმყოფება.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი.

დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები და ა.შ. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები. მთავრობამ, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები.

გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

98
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (619)