მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოში ჩამოსული ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონაში იქნება გადაყვანილი

54
(განახლებულია 16:29 20.03.2020)
20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევა დაფიქსირდა. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1925, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოში ჩამოსული ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონაში იქნება გადაყვანილი, განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე

მისი განცხადებით, ყველა მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ჩამოვა, საკარანტინო სივრცეში მოათავსებენ.

„მინდა გაცნობოთ, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრებიან ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ. შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით იქნება მათ მიმართ გადაწყვეტილებები მიღებული“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან დადგენილი შეზღუდვები.

„დავიცვათ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, დავრჩეთ სახლში, რათა ყველა ერთად მოვერიოთ კორონავირუსს“, – განაცხადა მან. 

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1925, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე კარანტინში იმყოფება.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი.

დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები და ა.შ. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები. მთავრობამ, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები.

გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

54
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (619)