Air Astana

საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს

123
(განახლებულია 15:57 20.03.2020)
ხვალიდან სრულად შეწყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ საქართველოს ავიახაზების მიერ შესრულებული ავიარეისები, განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს, განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 

აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით იქნა მიღებული.

„ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ, მთავრობასთან კოორდინაციით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკვე რამდენიმე დღეა ქვეყნის საზღვარი უცხოეთის მოქალაქეებისთვის დაიკეტა, ქვეყანაში შემოსვლას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ.

„ყველა ადამიანი, რომელიც საქართველოში შემოვა, მიუხედავად იმისა, თუ საიდან ბრუნდებიან ისინი, საკარანტინო ზონაში გადავა... ამ რეალობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ „ლარსის“, „წითელი ხიდისა“ და „სარფის“ საკონტროლო–გამშვებ პუნქტებთან დამატებითი საკარანტინო სივრცეები მოეწყოს, რაც არსებული ვითარების უკეთესად მართვის შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1925, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია.

123
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (662)