პაატა იმნაძე

იმნაძემ კორონავირუსზე გავრცელებული ოთხი მითი დაამსხვრია

67027
(განახლებულია 16:14 20.03.2020)
გასაკვირი არ არის, რომ ისეთ რთულ ვითარებაში, რომელშიც დღეს ადამიანები აღმოჩნდნენ, სხვადასხვა მითი იბადება. ადამიანს ყოველთვის სჯერა, რომ გადარჩენის გზები არსებობს.

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ სოციალურ ქსელებში გავრცელებული მითები დაამსხვრია.

კერძოდ, მან არც დაადასტურა, თუმცა არც უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ კორონავირუსი დიდხანს რჩება ატმოსფეროში და ვრცელდება არა მხოლოდ წვეთოვანი გზით, არამედ ჰაერითაც. მან ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში განაცხადა, რომ საკითხი კვლევის ეტაპზეა.

„იყო გარკვეული მეცნიერული პუბლიკაციები, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ ვირუსი, შესაძლოა, აეროზოლის სახით რჩება ჰაერში, თუმცა დღემდე ეს აზრი ოფიციალურად არ არის დადასტურებული და ითვლება, რომ კორონავირუსი გადადის წვეთოვანი გზით, ანუ ჰაერში დიდხანს არ რჩება“, – განაცხადა იმნაძემ.

კითხვაზე – შეიძლება თუ არა გაუზავებელი 90%-იანი სპირტის გამოყენება დეზინფექციისთვის, იმნაძემ უპასუხა, რომ 90%-იანი სპირტის გამოყენება ამ მიზნით არ შეიძლება. სპირტი დეზინფექციისთვის უნდა იყოს 60-70%-იანი.

კიდევ ერთი მითი, რომელსაც ხალხი სოციალურ ქსელებში აქტიურად იზიარებს, ესაა თვითშემოწმების მეთოდები ინფექციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.

ბევრი დარწმუნებულია, რომ შემოწმება იმისა, აქვს თუ არა ადამიანს კორონავირუსი, შესაძლებელია. ამისათვის თითქოს საკმარისია 15 წამით სუნთქვის შეკავება. თუ ამ დროის განმავლობაში ადამიანს ხველა არ აუტყდება და ის შეძლებს 15 წამი არ ისუნთქოს, ე.ი. ინფიცირებული არ არის.

„მადლობელი ვიქნები, თუ მაჩვენებენ სამედიცინო წყაროებს, სადაც ასეთი რამ წერია“, – აღნიშნა იმნაძემ. 

კითხვას, მართლაც ებრძვის თუ არა ვირუსს ნიორი, წიწაკა და ლიმონი, იმნაძემ უპასუხა, რომ ეს პროდუქტები ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ კორონავირუსისგან დაცვა არ შეუძლია.

„ნიორიც და წიწაკაც ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, ლიმონზე აღარაფერს ვამბობ, ის ძალიან სასარგებლოა, რადგან შეიცავს С ვიტამინს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ არ შეუძლიათ ჩვენი დაცვა კორონავირუსისგან“, – აღნიშნა იმნაძემ.

დღეისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა. ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე კარანტინში იმყოფება.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი.

დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები და ა.შ. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები. მთავრობამ, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები.

გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

67027
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (619)