თევზის ბაზარი ბათუმში

აჭარაში კორონავირუსის გამო ბაზრობებს კეტავენ

79
რეგიონში საკვები პროდუქტების და სხვა საქონლის საკმარისი მარაგია, აცხადებენ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგიონის ტერიტორიაზე ყველა ბაზრობები და სავაჭრო ობიექტები დროებით დაიხურება.

„1 აპრილამდე, ე.წ ხოფის ბაზრობის, ასევე ყველა სხვა სავაჭრო თუ საბაზრო ობიექტის საქმიანობა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელებისა, შეჩერებულია. 1 აპრილამდე, ე.წ ხოფის ბაზრობის ყველა მოიჯარე საიჯარო მოსაკრებლისგან გათავისუფლდება. მთავრობა მოუწოდებს ბიზნეს სუბიექტებს, შეძლებისამებრ, ასევე განახორციელონ მათი მოიჯარეების საიჯარო ქირისგან გათავისუფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია „აჭარა ტექსტილმა“ დღეს დაიწყო დაახლოებით 500 000 ცალი პირბადის წარმოება, რომელიც სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა, აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

აჭარაში პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების საკმარისი მარაგია, აცხადებენ აჭარის მთავრობაში. ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონში არსებულ მარაგებს და სურსათის ფასებს აკონტროლებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო 18 მარტიდან საქართველო ორი კვირით კეტავს საზღვრებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.

საქართველომ ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით საზღვრები დაკეტა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რუსეთთან დაიკეტა სახმელეთო საზღვარი. რაც შეეხება თურქეთს, დაიკეტა მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი.

კორონავირუსით ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთი პაციენტის შემთხვევაში არ არის ცნობილი >>

გარდა ამისა, საქართველოში დაწესებულია სავალდებულო კარანტინი ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის.

ქვეყანაში დახურულია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო სამსახური და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, ხოლო სხვადასხვა კონფესიების ტაძრებში ზოგიერთი მსახურება გაუქმდა.

ამასთანავე, გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

საქართველოს მთავრობა სილამაზის სალონებს, კაფე-ბარებს, გასართობ ცენტრებს, სამორინეებსა და ტოტალიზატორებს ურჩევს, დროებით შეწყვიტონ მუშაობა.

79
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)