ტიკარაძე: სისტემა მზად არის უპასუხოს გამოწვევას

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ მომენტისათვის, მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით არის ხელოვნური სუნთქვის აპარატები და მედპერსონალი, რომელსაც სპეციალური ტრენინგები აქვს გავლილი

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ხელოვნური სუნთქვის აპარატები და მედპერსონალია, განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 17 მარტისთვის >>

ტიკარაძის თქმით, საქართველოში ხელოვნური სუნთქვის სულ 150 აპარატია, თუმცა, საბედნიეროდ, მათი მასობრივი გამოყენების საჭიროება არ დამდგარა.

„ჩვენ უკვე ყველა სტაციონარში გვაქვს მობილიზებული ხელოვნური სუნთქვის აპარატები. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, რომ ამ ეტაპზე არ გვყავს ისეთი მძიმე პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ხელოვნური სუნთქვის აპარატი. მიუხედავად ამისა, დღეს უკვე გვაქვს მომზადებული 150 სუნთქვის აპარატი, საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი გამოყენება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მედპერსონალი, რომელიც სტაციონარში მკურნალობს პაციენტებს, ახალი საჭიროებისა და გამოწვევების შესაბამისად ეტაპობრივად გადის გარკვეულ კონსულტაციებსა და ტრენინგებს.

ტიკარაძის თქმით, ყველა ინფიცირებული პაციენტის კლასტერები დადგენილია და შესწავლილია.

„კლასტერების წარმომადგენლობა ამ ეტაპისთვის სრულიად არის გაკონტროლებული. იმ პაციენტების ჯაჭვი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, სრულიად არის ამოქმედებული და შესწავლილი ჩვენი თანამშრომლების მიერ“,- განაცხადა ტიკარაძემ.

კორონავირუსი  - Sputnik საქართველო
COVID-19: ჯანმომ კორონავირუსის თვითსამკურნალოდ უმჯობესი პრეპარატი დაასახელა

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა პაციენტების გაზრდილი ნაკადის მისაღებად მზად არის, განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ დაავადებულთა რიცხვის ზრდის ალბათობა მაღალია.

„მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ჩვენ გადავდივართ ახალ რეჟიმზე, რეალურად ეს არის კვლავ პრევენციული რეჟიმი, უბრალოდ, უფრო მეტად გამკაცრებული, რაც ნიშნავს, რომ მეტად მოგვიწევს ჩვენი მოქალაქეების გაკონტროლება, რათა მოახდინონ სოციალური დისტანცირება, მოხდეს ყველა ჯაჭვის გაწყვეტა და ვირუსის გავრცელების პრევენციულად შეჩერება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 34–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 64.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველო ორი კვირით კეტავს საზღვრებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.

პურპროდუქტები - Sputnik საქართველო
ექსპერტი: საქართველო რუსეთისგან ხორბალს სტაბილურად ყიდულობს

საქართველომ ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით საზღვრები დაკეტა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რუსეთთან დაიკეტა სახმელეთო საზღვარი. რაც შეეხება თურქეთს, დაიკეტა მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი.

გარდა ამისა, საქართველოში დაწესებულია სავალდებულო კარანტინი ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის.

ქვეყანაში დახურულია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო სამსახური და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, ხოლო სხვადასხვა კონფესიების ტაძრებში ზოგიერთი მსახურება გაუქმდა.

ამასთანავე, გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

საქართველოს მთავრობა სილამაზის სალონებს, კაფე-ბარებს, გასართობ ცენტრებს, სამორინეებსა და ტოტალიზატორებს ურჩევს, დროებით შეწყვიტონ მუშაობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0