თბილისის აეროპორტი

რომელი ქვეყნებიდან განხორციელდება ხვალ ავიარეისები საქართველოში განრიგი

4138
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ 18 ავიარეისი განხორციელდება, ქუთაისის აეროპორტიდან კი – სამი.

 

თბილისი, 15 მარტი — Sputnik.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ, საკუთარ საკომუნიკაციო არხებზე - სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდებზე რეგულარულად გამოაქვეყნებენ საერთაშორისო ფრენების განრიგს და  ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ამ დროის მონაცემებით რა საერთაშორისო რეისები სრულდება საქართველოში.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკის გათვალისწინებით, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოები და სატრანსპორტო კომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას საერთაშორისო მგზავრებისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ. 

აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ და სურთ საქართველოში დასაბრუნებლად დაგეგმონ შესაბამისი მარშუტები.

 „აქვე გაცნობებთ, რომ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში, ისევე როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოქმედებს 24–საათიანი ცხელი ხაზი და მოქალაქეებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშუტის მოძიებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

16 მარტს საქართველოს მოქალაქეები  სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ აივარეისებით სტამბულიდან, დოჰადან, ბაჰრეინიდან, რიგიდან, ვენიდან, მიუნჰენიდან, კიევიდან ვარშავადან – სულ 18 რეისი. რეისები გადაიდო ბაქოდან, დუბაიდან, ალმათიდან.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, 16 მარტისთვის დაგეგმილია ფრენები ბრიუსელიდან, ლონდონიდან და სალონიკიდან – სულ სამი რეისი.

მსგავსი განახლება ყოველდღიურად მოხდება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს „ცხელ ხაზს“ +995 32 294 5050


4138
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (103)