თბილისი, 15 მარტი - Sputnik. საქართველოს პირველი არხი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ ტელე-ონლაინ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საქართველოში გავრცელების მიზნით, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში გაკვეთილები და ლექციები 1 აპრილამდე გადაიდო.
მაუწყებლის ცნობით, განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადებული პროექტი წარმოებაში დღეიდან ჩაეშვა.
„მეორე არხი, ვებ-პორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის იუთუბ და ფეისბუქ-გვერდები ის მედია-პლატფორმებია, რომლითაც სასწავლო პროგრამები მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება“, - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.
პროექტში ჩართულები არიან მასწავლებლები, სასწავლო პროგრამებთან ერთად მომზადებულია საგნობრივი რეკომენდაციები და ინსტრუქციები. პირველი არხი გეგმავს, რომ მსოფლიოს ცნობილი ტელევიზიების და სტუდიების მიერ მომზადებული სასწავლო-დოკუმენტური ფილმებიც თარგმნოს და ახალი პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს აჩვენოს.
მაუწყებლის განცხადებით, ტელე-ონლაინ პროექტი კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.