დედაქალაქის ერთ-ერთი აფთიაქი

 კორონავირუსი საქართველოში: უნდა მოვიმარაგოთ თუ არა სურსათი და მედიკამენტები

25181
(განახლებულია 18:25 11.03.2020)
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ  საქართველოში სურსათსა და მედიკამენტების სავაჭრო ობიეტების დახლებიდან გაქრობა უახლოეს მომავალში მოსალოდნენლი არ არის.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებამ მოსახლეობის ნაწილში პანიკა გამოიწვია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, თუ როგორ მიაწყდნენ ადამიანები მარკეტებს  საკვებ პროდუქტების დიდი რაოდენობით მოსამარაგებლად.

„შევედი ჩემი უბნის მარკეტში და ვიამაყე ჩემი მეზობლებით“, „ფრესკოში ჰიმნიც აღარ დატოვეს“, „საპონი შეიძინეთ, საპონი, ზეთი, შაქარი და პური არ გიშველით” -  წერდნენ მომხმარებლები სოციალურ ქსელში.  

მართალია პროდუქტები დახლებიდან არ გამქრალა, მაგრამ შეიქმნა დეფიციტი ჩინურ ნაწარმზე და გაჩნდა ნეგატიური მოლოდინები სურსათის, წამლების და პირველადი მოხმარების ნივთის ქვეყანაში შემოტანასთან დაკავშირებით.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის  პრეზიდენტის ივა ჭყონიას აზრით საქართველოში დღეს პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„პანიკის საფუძველი არა თუ არ არსებობს, ვთვლი რომ ძალიან არასერიოზულია ამაზე საუბარი. სადისტრიბუციო კომპანიებს და მწარმოებლებს ყოველთვის აქვთ მარაგები და სულ რომ ბლოკადაში მიექცეს ჩვენი ქვეყანა  თვენახევრით  თუ ორი თვით,  საკმარისი მარაგები ყოველთვის იქნება,“-აღნიშნა ივა ჭყონიამ Sputnik საქართველოსთან საუბრისას.

ივა ჭყონიას განმარტებით, მარაგი არის იმაზე მეტი, ვიდრე სრულიად საქართველოს მოსახლეობას წარმოუდგენია. სერიოზული კომპანიები ყოველთვის აკეთებენ მარაგებს და ეს მათი ერთგვარი ვალდებულებაც არის.

„პროდუქტების იმდენი სახეობაა, ნეტა გაიყიდოს, არაფერზე დეფიციტი არ არსებობს. მაგალითად ზეთი რომ ავიღოთ,  „ოლეინა“ გათავდება იქნება „ჩუმაკი“, „ჩუმაკი“ გაიყიდება,  იქნება „მზიური“ და აშ. ანუ ალტერნატივა ყოველთვის არის.  მაგალითად,  არ შემოდის „ჰუავეის“ ტელეფონები და შეიძლება ჩინური დამტენი ვერ იშოვოს ვიღაცამ და ვერ იყიდოს 15 ლარად მაგრამ ალტერნატივაში არის 80 ლარიანი და ვიღაცეები ამაზე ხელს მოითბობენ კიდეც“- აღნიშნა ივა ჭყონიამ.

რაც შეეხება ფასების გაძვირებას ივა ჭყონიას აზრით, დღეს ქვეყანაში არც ამის საფუძველი არსებობს. მისი თქმით,  მაგალითად, მარტო „ნატახტარის“ ლიმონათი და „ვაკის“ სოსისი, რომ იყოს, შეიძლება რაღაც გათავდეს,  ვიღაცამ ეს გამოუშვას და ძვირად გაყიდოს. 

„ასეთი რამ ხდებოდა გასული საუკუნის 90- იან წლებში,  იმის მერე სამი მთავრობა გამოვიცვალეთ და პრეტენზია გვაქვს, რომ მსოფლიო რუქაზე გამოვჩნდით და თუ ისევ წარშულში ვბრუნდებით არ ვიცი“- აღნიშნა ივა ჭყონიამ.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ნიკა შენგელიას თქმით, საქართველოში პროდუქტები ძირითადად შემოდის თურქეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და საბერძნეთიდან.

მისივე თქმით, 2020 წლის იანვარში, საქართველოში 619, 8 მილიონი აშშ დოლარის  პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 596, 2 მლნ აშშ დოლარი იყო. ზოგადად  მედიკამენტებზე და საკვებ პროდუქტებზე მთლიანი იმპორტის დაახლოებით  35% მოდის.

„მარაგების შევსებაზე ფიქრი სავარაუდოდ მარტის ბოლოდან დაიწყება. რაც შეეხება ფასებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მარტსა და აპრილში სასტუმროებში ტურისტების მიერ გაკეთებული ჯავშნების  90% მოიხსნილია,  ვალუტაზე ეს სადღაც მაისის თვიდან უნდა აისახოს,  ვგულისხმობ დოლარზე მოთხოვნის ზრდას, რის შედეგადაც მაღალი ალბათობით ლარის კურსი დაიწყებს შესუსტებას, რაც თავის მხრივ აისახება სასურსათო პროდუქციის ფასზეც “- აღნიშნა ნიკა შენგელიამ Sputnik საქართველოსთან საუბრისას.

ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძეც იზიარებს მოსაზრებას, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა შექმნილი ატმოსფერო დამშვიდების შესაძლებლობას არ იძლევა. ვითარების გამწვავებისა და ეპიდემიის ესკალაციის შემთხვევისთვის კი, საქართველოს სავაჭრო ინდუსტრიის სფერო მოქმედების გეგმას უნდა ფლობდეს.

„ქვეყანას განსაზღვრული უნდა ჰქონდეს საკვები პროდუქტების შეუფერხებელი მიწოდების მექანიზმები. დადგენილი უნდა ჰქონდეს მიმწოდებლების მიერ პირველ რიგში მისაწოდებელი პროდუქტების ასორტიმენტი, ასევე  შეთანხმება უნდა ჰქონდეს მიღწეული იმ პოტენციურ ორგანიზაციებთან, რომლებიც პრიორიტეტული პროდუქტების დეფიციტის შევსების რესურსი აქვთ„ - განუცხადა რატი აბულაძემ Sputnik საქართველოს.

მისივე თქმით, იმისათვის რომ ქვეყანაში სურსათისა და მედიკამენტების პრობლემა შემდეგშიც არ შეიქმნას, ხელისუფლება ყველა დარგის წარმომადგენლებთან კომპლქსურად უნდა მუშაობდეს.  

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველომ ავიამიმოსვლა შეაჩერა ირანთან, ჩინეთთან და იტალიასთან. ირანთან ასევე ჩაიკეტა სახმელეთო საზღვარიც. გარდა ამისა, ქვეყანაში დაწესდა აუცილებელი კარანტინი ირანიდან, ჩინეთიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან დაბრუნებული პირებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ გამგზავრებისგან.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

 

ნატა პატარაია

 

25181
ჯარიმა პარკირების წესების დარღვევისთვის

საჯარიმო ქვითრის ჩაბარების პროცედურა იცვლება

72
მოქმედი კანონმდებლობით, გზავნილის განმახორციელებელი ვალდებულია, პირის რეგისტრაციის მისამართზე მიიტანოს გზავნილი და ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შესაბამისი წერილობითი უკუგზავნილი შეადგინოს.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. პირებს, რომლებიც საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას მის მიღებაზე უარს ორჯერ განაცხადებენ, ქვითრის ჩაბარება მაინც ჩაეთვლებათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, მათი ინიციატორები ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი და გოგა გულორდავა არიან.

ინიციატორების განმარტებით, ცვლილებების მომზადების მიზეზი არსებული პრაქტიკაა, რომელიც ცხადყოფს, რომ ჯარიმების აღსრულების მოქმედი მექანიზმი ეფექტური არ არის. კერძოდ, პრობლემურია პირისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარების პროცედურა.

„სამართალდამრღვევი მიმართავს სხვადასხვა ხერხს, რათა ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით ექვს თვეს შეადგენს, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას. არსებული მონაცემებით, კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გაცემული ჯარიმების რაოდენობის მხოლოდ დაახლოებით 50 პროცენტის აღსრულება ხდება. შესაბამისად, აღნიშნული ნათლად წარმოაჩენს აღწერილი აღსრულების მექანიზმის არაეფექტურობას“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმად, საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მის მიღებაზე უარს იტყვიან სამართალდამრღვევი პირის ოჯახის წევრები. ესენი კი არიან – მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, ბიძა, დეიდა, ბიცოლა, მამიდა და მასთან მუდმივად მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.

მოქმედი კანონმდებლობით, გზავნილის განმახორციელებელი ვალდებულია, პირის რეგისტრაციის მისამართზე მიიტანოს გზავნილი და ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შესაბამისი წერილობითი უკუგზავნილი შეადგინოს.

72
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში
ამირან გამყრელიძე

რომელი ქვეყნებიდან ვერ მიიღებს საქართველო ტურისტებს - ამირან გამყრელიძე

94
(განახლებულია 21:01 28.05.2020)
საქართველო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებას გეგმავს, ხოლო 15 ივნისიდან კი შიდა ტურიზმის გახსნაა დაანონსებული.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. კორონავირუსით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან საქართველო ტურისტებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს, განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებას გეგმავს, ხოლო 15 ივნისიდან კი შიდა ტურიზმის გახსნაა დაანონსებული.

„რა თქმა უნდა, ჯერ ვერ მივიღებთ ტურისტებს მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან. მიმდინარეობს მუშაობა იმ პროტოკოლზეც, როგორი უნდა იყოს ტურისტების მიღებისა და მათზე ეპიდზედამხედველობის დაკვირვების სისტემა, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ქვეყანაში ინფექციის შემოტანის რისკი. მოდით, ამ კითხვაზე პასუხს დავუბრუნდეთ ერთი კვირის, 10 დღის შემდეგ, როცა ამ საკითხზე უფრო მეტად ვიქნებით ჩამოყალიბებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო. 

„ჩამოვყალიბდებით წესებზე, რომელიც დამტკიცდება შესაბამისი მარეგულირებელი აქტით“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

პანდემიის გამო ახალი გამოწვევების ფონზე ხელისუფლების მიერ შემუშავებული კონცეფციის თანახმად, საქართველო იმიჯს შეიცვლის და პოზიციონირდება როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

ტურისტების მიღებამდე საქართველოს ხელისუფლება ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანმოს მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას უზრუნველყოფს. ეს შეეხება როგორც აეროპორტებსა და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს, ისე სასტუმროებს, გიდების მომსახურებას, კვების ობიექტების, ასევე ნებისმიერი სახეობის ტრანსპორტის მუშაობას.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/28 მაისი >>

საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ. ტურისტული სექტორი და სასტუმროები უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ სპეციალურ რეკომენდაციებს მიიღებენ.

მთავრობის გეგმის მიხედვით, საქართველოში ჩამოსული ტურისტები დაისვენებენ ისეთ კურორტებზე, როგორიცაა წყალტუბო, ბორჯომი, აბასთუმანი, ბაკურიანი, გუდაური, ბათუმი და ა.შ.

94
თემები:
COVID-19 საქართველოში
სომხეთში კარანტინი გახანგრძლივდა

საქართველოს მზად არის დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში

0
საქართველოს და სომხეთს ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გააჩნიათ, განაცხადა საქართველოს მთავარმა ეპიდემიოლოგმა

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს დახმარებისთვის მიმართავენ, ისინი მას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ადრე განაცხადა, რომ ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა და ჯანდაცვა საქართველოში განსხვავდება სომხურისგან, თუმცა არა საუკეთესო მხრიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი საკუთარ სტატისტიკას გამჭვირვალედ ავრცელებს, ხოლო საქართველოში ინფიცირებულთა დათვლის მეთოდოლოგიაში ეჭვი შეიტანა.

„იცით, რომ ამ ერთი კვირის წინ იყო პატარა გაუგებრობა. ჩვენ მოძმე ერები ვართ, ერთმანეთს ყოველთვის მხარში ვუდგევართ და კარგი ურთიერთობა გვაქვს სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან... თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჩვენ დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რაიმე დახმარება, ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია, იგივე ტესტირებასთან ან კიდევ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა მზად საქართველო კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მისაღებად.

„რაც შეეხება სამკურნალო პროცესს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო უარს კი არა პირიქით, ყველა ღონეს იხმარს თუ სომხეთს ეს დახმარება სჭირდება. პირველ რიგში, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დააყენოს ეს საკითხი და მაშინ დარწმუნებული ვარ, საქართველო სიამოვნებით მიიღებს. მოგეხსენებათ, ქართველები იყვნენ პირველები, რომლებიც სპიტაკის მიწისძვრის დროს ჩავიდნენ სპიტაკში სხვა ერებს შორის. ჩვენ მზად ვართ ყოველთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ასევე, გამყრელიძის თქმით, საქართველოს და სომხეთს ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გააჩნიათ.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 28 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში იყო 8 216 დადასტურებული შემთხვევა, კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა 113 ადამიანი, კორონავირუსის ინფექციის მქონე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც სხვა მიზეზებით დაიღუპნენ - 44.

ახალი მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 3 287 ადამიანი. მკურნალობას 4 772 პაციენტი გადის. ქვეყანაში სულ 54 931 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება საქართველოს, ამჟამად კორონავირუსი დადასტურებული აქვს 738 ადამიანს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 573-ს (77,95%) მიაღწია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია. გარდაიცვალა 12 ადამიანი. მაისის ბოლოსთვის ჩატარდა 46 ათასი ტესტი, ყოველდღიურად ტესტი 1600 ადამიანს უტარდება.

დღეისათვის საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოხსნილია, თუმცა შეზღუდვების ნაწილი მაინც ძალაში რჩება.

0
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა