თბილისში აპრილში ღვინის მუზეუმი გაიხსნება

გამოწერა
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ახალი მუზეუმი, რომელიც დამთვალიერებელს ქართული ღვინის უძველეს ისტორიაზე მოუთხრობს, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში („ქარვასლა") აპრილში გაიხსნება, ნათქვამია მუზეუმის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მუზეუმის სარდაფები ერთმანეთს გვირაბებით უკავშირდებიან, მისი დარბაზები კი დამთვალიერებელს ქვეყანაში მეღვინეობის მდიდარი ტრადიციების შესახებ უამბობს.

მთავარ გასამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი, ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული არტეფაქტები. არტეფაქტები ეროვნულ მუზეუმში დაცული კოლექციის ზუსტი ასლებია.

დარბაზში შესაძლებელია იხილოთ ქართული ღვინის უნიკალურობის დამადასტურებელი საგნები: თასები, ღვინის ჭურჭელი, დოქები, სარიტუალო ჭურჭელი, ქვევრი და სხვა ექსპონატები. ერთ-ერთ დარბაზში, ე.წ. ინტერაქტიულ სივრცეში დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება თავი იგრძნოს სომელიეს როლში და უფრო ახლოს გაიცნოს და ისიამოვნოს ქართული ღვინის გემოთი.

ამ დროისთვის მუზეუმი სატესტო რეჟიმში მუშაობს და იღებს დამთვალიერებელს. მუზეუმის ოფიციალური გახსნა დაგეგმილია 2020 წლის აპრილში. მუზეუმი მდებარეობს მისამართზე: სიონის ქუჩა, 8.

მეღვინეობის ისტორია საქართველოში

საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება. 2017 წელს უცხოელმა სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.

საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.

2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0