ქართულ მრავალხმიანობასა და ქართული სუფრის წესს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

© photo: Sputnik / Stringerღვინის ბოკალი
ღვინის ბოკალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში დარწმუნებული არიან, რომ ეს ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მათ შენარჩუნებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ქართულ ტრადიციულ სუფრასა და მრავალხმიანობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

როგორ უწყებაში აღნიშნავენ, ეს ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მათ შენარჩუნებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას.

ქართული მრავალხმიანობა, რომელიც 2001 წელს UNESCO-მ კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად აღიარა, ქართველი ხალხის ტრადიციული მუსიკალური კულტურისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო. იგი წარმართული ეპოქისთვის დამახასიათებელი სინკრეტული ფორმებით გამოხატავდა თავიდან ქართველური ტომების, შემდეგ კი ქართველი ერის მსოფლშეგრძნებას, სამყაროს ხედვის თავისებურებებსა და წარმოდგენებს.

ქრისტიანულ ეპოქაში იგი განაგრძობდა სიცოცხლეს როგორც საერო ყოფისა და სასულიერო ღვთისმსახურების განუყოფელი ნაწილი და ხალხურ წარმოდგენებთან ერთად ქართველი ერის ქრისტიანულ მსოფლმხედველობას გამოხატავდა.

რაც შეეხება ქართული ტრადიციული სუფრის წესს, ის გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში. სუფრის კულტურა, რელიგიური და ეროვნული განსხვავების მიუხედავად, ასევე გავრცელებულია საქართველოს ყველა თემში.

ქართული სუფრის წარმოშობის თარიღის განსაზღვრა რთულია. 2006 წელს აღმოჩენილი ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკება ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნეს მიეკუთვნება. მინიატურული ზომების მიუხედავად, მამაკაცის ქანდაკება ყანწით ხელში თანამედროვე თამადის ისტორიულ წინაპრად არის მიჩნეული.

ქართული ტრადიციული სუფრის წესის არსებობას ადასტურებენ ადრეული, შუა და გვიანი პერიოდის წერილობითი წყაროები, როგორიცაა: „შუშანიკის წამება", „ვეფხისტყაოსანი", „ქართლის ცხოვრება", „ხელმწიფის კარის გარიგება", „დასტურლამალი", „ცხოვრება-ანდერძი", „კალმასობა". აქვე უნდა აღინიშნოს XV-XIX საუკუნეების მოგზაურთა – ამბროზიო კონტარინის, დიონიჯი კარლის, ჟან შარდენის ჩანაწერები და სხვა მასალები.

„ქართულ ტრადიციულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა", – ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0