შემწეობის მთხოვნელი

სოციალურად დაუცველებს შემოწმების პერიოდში დახმარება აღარ შეუწყდებათ

293
(განახლებულია 20:46 14.02.2020)
ამ დროისათვის სოციალური დახმარების პროგრამით დაახლოებით 430 ათასი ადამიანი სარგებლობს, რომლებსაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში დროებით უჩერდებათ დახმარება.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. სოციალურად დაუცველ ოჯახებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში საარსებო შემწეობის მიღება არ შეუჩერდებათ, განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგზე.

ხუნდაძის განმარტებით, ამ დროისათვის სოციალური დახმარების პროგრამით დაახლოებით 430 ათასი ადამიანი სარგებლობს, რომლებსაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში დროებით უჩერდებათ დახმარება. მართალია, შემდგომში მათ უდიდეს ნაწილს განაცდური სრულად უნაზღაურდება, მაგრამ შემოწმების პერიოდში „ისინი სიღარიბის პირისპირ ბედის ანაბარა რჩებიან“. 

„ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის მიღება, შემდეგ კი, მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე, პროგრამაში მათი მონაწილეობა გაგრძელდეს ან შეწყდეს“, — განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, ამისათვის დამატებით საჭიროა წელიწადში 5,4 მილიონი ლარი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე გაიმართა კონსულტაციები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან და გადაწყვეტილება უკვე მიღებულია: ცვლილება მიმდინარე წლის აპრილიდან ამოქმედდება.

 

293
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (164)
მაია ცქიტიშვილი

მარნეულში შვიდი ახალი სკოლა შენდება

7
(განახლებულია 15:53 04.06.2020)
სკოლები სწორედ იმ მუნიციპალიტეტში შენდება, სადაც სულ ახლახანს მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებდა.

 

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში შვიდ ახალ სკოლას აშენებენ და ახლო მომავალში  რიგით მერვე სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. 

უწყების პირველი პირი მარნეულში იმყოფებოდა და მშენებლობის პროცესსა და ასევე ახალი სასწავლო წლისთვის სკოლების სამზადისს  ადგილზე გაეცნო.

 „განათლების სისტემის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი სამინისტროს ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მუნიციპალური განვითარების ფონდი  მარნეულში შვიდ სკოლას აშენებს და მალე მერვე სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი სიტყვებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 სკოლას აშენებს და 80-ზე მეტი სკოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.

მშენებარე სკოლები თანამედროვე სტანდარტებს პასუხობენ – საკლასო ოთახების გარდა, იქნება ლაბორატორიები, სააქტო დარბაზები, სპორტული დარბაზები და მოედნები, სასადილოები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, გასულ წელს  ქვეყნის მასშტაბით 600 სკოლის სარემონტო სამუშაოები დაფინანსდა. წელს, სკოლების სამშენებლო–სარემონტო სამუშაოებისთვის 400 მლნ ლარია გამოყოფილი.

7
ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის სისტემაში არსებულ რა ხარვეზებს არ აკონკრეტებს მინისტრი ტიკარაძე

28
(განახლებულია 15:25 04.06.2020)
ეკატერინე ტიკარაძე  პირობას დებს, რომ უახლოეს დღეებში  წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების სტრატეგიულ გეგმას

 

თბილისი, 4 ივნისი  - Sputnik.  საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, რომლის აღმოფხვრასაც უწყება უკვე შეუდგა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე. 

ამასთან, მან ჟურნალისტებთან თავი შეიკავა სისტემაში ყველაზე სუსტი წერტილების დასახელებისგან და განაცხადა, რომ უფრო კორექტული იქნება, თუ ყველა დაელოდება ანგარიშის პარლამენტში წარდგენას.

 „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველაფერს უფრო გლობალურად მივუდგეთ, რათა გვქონდეს სისტემა, რომელსაც არ სჭირდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ნებისმიერი პანდემიის პერიოდში შეძლებს გასცეს შესაბამისი პასუხი ნებისმიერ გამოწვევას. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჯანდაცვის სისტემას. მხედველობაში მაქვს ის, რომ ჯანდაცვის სისტემაშიც გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას“,- განაცხადა ტიკარაძემ.

მისი განმარტებით, რამდენიმე დღის შემდეგ წარმოდგენილი იქნება სტრატეგიული გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი თუ რა ღონისძიებებია დაგეგმილი შემდგომი 4–5 თვის განმავლობაში და როგორ იგეგმება ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება როგორც ხარისხობრივი ისე ინფრასტრუქტურული კუთხით. მისი სიტყვებით, ჯანდაცვის სისტემისადმი მიდგომა უფრო კომპლექსური გახდება. 

 „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მობილიზაცია გვქონდა გამოცხადებული და თქვენ დაინახეთ, რომ ის შედეგი, რომელიც ჩვენ დავდეთ, მიღწეულია ჩვენი ექიმების კვალიფიკაციის მაღალი დონით. ჩვენ სიკვდილიანობის ძალზე დაბალი და კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა ძალზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატების მოწვევით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით 3 ივნისს უნდა გამოსულიყო, თუმცა ტიკარაძემ მათ მოსმენის მოგვიანებით დანიშვნა სთხოვა. 

მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ოთხ ძირითად საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს, მათგან ორი კორონავირუსის პანდემიასთან შექმნილ ვითარებას ეხება, დანარჩენი – სოციალური მუშაკების გათავისუფლებას და 520-ე დადგენილებას, რომლის ფარგლებშიც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებში ტარიფების ერთიანი სისტემა შემოიღეს.

28
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში
ონლაინ-რეჟიმი

კონფუზი ონლაინ: პოლიტიკოს ქალს კამერის გამორთვა დაავიწყდა და მკერდი მოიშიშვლა - ვიდეო

0
(განახლებულია 16:29 04.06.2020)
მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო მსოფლიო მუშაობის ონლაინ-რეჟიმზე გადავიდა, ინტერნეტით არაერთი „თამამი“ შინაარსის შემთხვევითი ვიდეო გავრცელდა

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. მექსიკელ სენატორ ქალს სახელმწიფო ონლაინ–თათბირის შემდეგ ვიდეოკამერის გამორთვა დაავიწყდა და მკერდი მოიშიშვლა, რის მოწმეც არაერთი ადამიანი გახდა, იუწყება New York Post–ი.

ირკვევა, რომ 66 წლის მარტა ლუსია მიჩერ კამარენა მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა შეცდომას, რაც პირადი შეტყობინებები მიიღო. მანამდე კი თათბირის დამსწრე ჩინოვნიკებმა და ჟურნალისტებმა ინციდენტის კამერებზე აღბეჭდვა მოასწრეს. 

გამოცემის ინფორმაციით, სენატორი მაინცდამაინც არ განიცდის მომხდარს.

„მე მალუ მიჩერი ვარ  და არ მრცხვენია, რომ ინტიმური ადგილი შემთხვევით გამომიჩნდა... სწორედ ამ მკერდით გამოვზარდე ოთხი შვილი“, — განაცხადა მან.

ირკვევა, რომ მიჩერ კამარენას მხარი არაერთმა პოლიტიკოსმა დაუჭირა, რომლებმაც სამარცხვინოდ მიიჩნიეს სოციალური ქსელებით მკერდმოშიშვლებული სენატორის ფოტოების გავრცელება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, რაც მთელი მსოფლიო ონლაინ მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, ინტერნეტით არაერთი მსგავსი და კიდევ უფრო „თამამი“ შინაარსის შემთხვევითი ვიდეო- და ფოტომასალა გავრცელდა. 

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს