ხულო

თოვლი აჭარაში სკოლებისა და საბავშვო ბაღების ნაწილი დაიკეტა

73
(განახლებულია 19:55 10.02.2020)
ბათუმში უქმეებზე ინტენსიური თოვა იყო. აჭარის დედაქალაქში თოვლის სიმაღლემ ნახევარ მეტრს, მაღალმთიანეთში კი ერთ მეტრს მიაღწია.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. აჭარის მაღალმთიანეთში თოვლისა და ყინვის გამო საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

კერძოდ, ქედის მუნიციპალიტეტის 15-დან 13 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ ჩატარდა. ბავშვების გამოუცხადებლობის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო ასევე წონიარისისა და გოგიაშვილების სოფლის სკოლებში.

უამინდობამ ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებითაც შექმნა პრობლემები. შუქის გარეშეა დარჩენილი სოფელ აგარის 40-მდე ოჯახი. ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილური ჯგუფები მუშაობენ.

სააღმზრდელო პროცესი ასევე შეწყდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების უჩხოს, დიოკნისა და დანისპარაულის საბავშვო ბაღებში. აქ თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. მიუხედავად ამისა, სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა არ ჰქონიათ.

რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, აქ სასწავლო პროცესი სოფლების ნაგვარევის, ცრემლისისა და ჟანივრის სკოლებში შეწყდა. იმავე მიზეზით გადაიდო სააღმზრდელო პროცესი ხიჭაურის, უჩამბისა და ბუთურაულის საბავშვო ბაღებში.

თოვლისა და ლიპყინულის გამო აჭარაში საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა. სამივე მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დასაშვები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ქედაში, ხულოსა და შუახევში საგანგებო შტაბები მუშაობენ, ასევე მოქმედებს „ცხელი ხაზი".

უამინდობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია ბათუმშიც. მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდა გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალურ ქუჩებზე ტექნიკური მარილი დაყარეს.

ქალაქში დილიდან შეუფერხებლად მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩვეულებრივ რეჟიმში განახლდა სასწავლო პროცესი სკოლებში, თუმცა, ყინვის გამო დასწრება დაბალია.

ბათუმში უქმეებზე ინტენსიური თოვა იყო. თოვლის სიმაღლემ ნახევარ მეტრს მიაღწია.

ამ დროისთვის ბათუმში დაზიანების გამო დაახლოებით 400 ოჯახი ბუნებრივი გაზის გარეშეა დარჩენილი. Socar Georgia Gas-ის ინფორმაციით, დაზიანება მასშტაბური არ არის. ცალკეულ აბონენტებს გაზის მიწოდება ყინვის გამო შეუწყდათ. ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 4 გრადუსი იყო. Socar Georgia Gas-ის ინფორმაციით, ჯგუფები ავარიის ადგილებზე ვითარების შესასწავლად უკვე გავიდნენ. ბუნებრივი აირის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.

73
თემები:
უამინდობა საქართველოში (246)