სავალდებულო სამხედრო სამსახურში 4,2 ათას წვევამდელს გაიწვევენ

გამოწერა
2019 წლის საშემოდგომო გაწვევის დროს ვადიან სამხედრო სამსახურში დაახლოებით 4,1 ათასი ადამიანი გაიწვიეს. აქედან თავდაცვის ძალებში 1,5 ათასი მოხვდა.

თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. სამხედრო სავალდებულო სამსახურში საზაფხულო გაწვევის ფარგლებში 18-დან 27 წლამდე ასაკის დაახლოებით 4,2 ათას ახალგაზრდას გაიწვევენ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

გაწვევა 3 თებერვალს დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება. წვევამდელები შემდეგნაირად გადანაწილდებიან:

 სამხედრო სამსახურის ადგილი  წვევამდელთა რაოდენობა
 თავდაცვის ძალები  1,4 ათასი
 პენიტენციური სამსახური  1,4 ათასი
 შსს-ს გასამხედროებული ქვედანაყოფი  950
 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური  311
 საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური  200

2019 წლის საშემოდგომო გაწვევის დროს, რომელიც 12 აგვისტოდან 28 დეკემბრამდე გაგრძელდა, ვადიან სამხედრო სამსახურში დაახლოებით 4,1 ათასი ადამიანი გაიწვიეს. აქედან თავდაცვის ძალებში 1,5 ათასი მოხვდა.

სავალდებულო სამსახურის ვადა 12 თვეს შეადგენს.

მოქმედი კანონმდებლობით, ჯარში სამსახურისგან თავისუფლდებიან: საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში აქვთ გავლილი; ნასამართლევი არიან სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად არიან ცნობილი; გავლილი აქვთ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური; არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე;

ვადიანი სამხედრო სამსახურისგან შეიძლება გათავისუფლდეს ასევე ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.

სამსახურის გადავადება შესაძლებელია, თუ წვევამდელზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. არის სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, დარეგისტრირებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ერთადერთი ვაჟია ოჯახში ან ჰყავს ორი და მეტი შვილი და სხვ. შეღავათებით სარგებლობენ ასევე მღვდელმსახურები, მასწავლებლები და სოფლის ექიმები.

ყველა ახალი ამბავი
0